Site icon Civil.ge

კუშნერი: რუსეთის გასვლა ”გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელია”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება ”გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელია”.

კუშნერმა, რომელიც 10 ოქტომბერს საქართველოს ომგამოვლილ რაიონებს ეწვია, განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება და 10 ოქტომბრისთვის გაიყვანა თავისი ძალები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

”ჩვენ პირველად ვთქვით მიმდებარე ტერიტორიები და ეს მიმდებარე ტერიტორიები ცარიელია,” – განუცხადა კუშნერმა ჟურნალისტებს გორში, სადაც მან დევნილებით დასახლებული კარვები მოინახულა. კუშნერი იმ სოფლებშიც ჩავიდა, სადაც 8 ოქტომბრამდე რუსული საოკუპაციო ძალები იდგნენ.

მაგრამ კითხვაზე, სრულად შეასრულა თუ არა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კუშნერმა უპასუხა: ”ვფიქრობ ეს ასეა, თუმცა ნაწილობრივ”.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ რუსული ძალების ყოფნა ახალგორში ”ვიცით, რომ პრობლემაა”.  

”ჩვენ ამ საკითხს ჟენევაში განვიხილავთ,” – დასძინა მან. მას ჟენევაში 15 ოქტომბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებები ჰქონდა მხედველობაში. 

მოგვიანებით 10 ოქტომბერს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ბათუმში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კუშნერმა გაიმეორა, რომ ახალგორი კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასევე პრობლემას წარმოადგენდა რუსული ძალების ყოფნა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.

”ყველაფერი მიღწეული არ არის,” – განაცხადა მან. ”რუსებმა ტერიტორიის უმეტესობა დატოვეს, თუმცა ისინი რჩებიან ახალგორში და პერევში… სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები ჟენევაში”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხდა პრესკონფერენციაზე, რომ თბილისი დაჟინებით მოითხოვს ომამდე არსებულ სტატუს კვოზე დაბრუნებას, როგორც ამას 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმება მოითხოვს.

”ჩვენ არ დავუბრუნდით 7 აგვისტოს სტატუს ქვოს და ვაპირებთ ვიმუშავოთ ამ საკითხზე ფრანგ და სხვა პარტნიორებთან ჟენევის მოლაპარაკებების დროს,” – განაცხადა მან.

ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე იმას ნიშნავს, რომ რუსული ძალები უნდა გავიდნენ ახალგორიდან, ასევე ცხინვალის გარშემო მდებარე რამდენიმე სოფლიდან და კოდორის ხეობიდან, რომელთაც ომამდე თბილისი აკონტროლებდა. თუმცა, რუსეთის თქმით, 12 აგვისტოს შემდეგ რეალობა შეიცვალა, რადგანაც რუსეთმა ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება პირდაპირ არ მიუთითებს ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ, დოკუმენტში ნახსენებია 12 აგვისტოს ძირითადი შეთანხმება და ნათქვამია, რომ მხარეებმა უნდა შეასრულონ მისი პრინციპები.

იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა მისი ვალდებულებები.

”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული,”- განაცხადა მან ბიშკეკში, სადაც დსთ-ს ლიდერთა სამიტი ტარდება. ”ჩვენ შევასრულეთ ყველა ვალდებულება, რომელიც ავიღეთ პირველი დოკუმენტით [12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი გეგმით] და მეორე დოკუმენტით [8 სექტემბერი], რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ შეთანხმდა მოსკოვში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)