სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა განუცხადეს ჟურნალისტებს ჟენევაში, რომ 15 ოქტომბერს მათ და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გამართულა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა ჟენევაში გაეროს შენობიდან გამოსვლისას, რომ ორი ცალ-ცალკე სხდომა გაიმართა.
”ერთში მონაწილეობა მიიღო ქართულმა მხარემ, ხოლო მეორეში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა,” – განაცხადა შამბამ თავის კომენტარებში, რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” 17:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში უჩვენა.
კითხვაზე, თუ რატომ გაიმართა ცალ-ცალკე სხდომები, შამბამ უპასუხა: ”სტატუსი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და ზუსტად ამიტომ არ შედგა შემდგომი საუბარი… ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მხოლოდ, როგორც თანასწორუფლებიანი მონაწილე პროცესისა. ახლა ქართული მხარე ამის წინააღმდეგი იყო და ამიტომ ისე გამოვიდა, რომ არ შედგა [საუბარი]”.
მან იქვე დასძინა, რომ ”კიდევ ბევრი საკითხი დარჩა, რომელსაც სჭირდება შეთანხმება”. ”თუ შევათანხმებთ, ეს ნიშნავს, რომ პროცესი გაგრძელდება; ვერ შევათანხმებთ – მაშინ არ იქნება და ამაზე დასრულდება,” – განაცხადა შამბამ.
შამბა შეეცადა სიტყვაძუნწი ყოფილიყო და ისიც კი უთხრა ჟურნალისტებს ღიმილით: ”თქვენ ძალით მქაჩავთ სიტყვებს”.
სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი არ შეხვედრია საქართველოს დელეგაციას. ”ჩვენ ისინი არ გვინახავს, ამბობენ, რომ არ შემოუშვეს,” – განაცხადა მან.
ორგანიზატორები მოლაპარაკებებს გაშუქებას აფერხებენ და მათ ფოტოგრაფებსაც კი არ მისცეს საშუალება ჟენევაში გაეროს შენობაში შესვლისას დელეგაციების ფოტოები გადაეღოთ. ”ეს არის ყველა მხარის გადაწყვეტილება,” – იტყობინება ”როიტერი” გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)