აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია 23 ოქტომბერს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გელა ბეჟუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს მოუსმენს.
კომისიის შემდგომ სხდომაზე, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება, დეპუტატები სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს და ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს კახა ლომაიას დაუსვამენ შეკითხვებს.
აღნიშნული გრაფიკი კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და იქვე აღინიშნა, რომ მინისტრების მოსმენები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული რომელი არხით მოხდება ტრანსლირება. როგორც წესი, პარლამენტის პლენარულ სხდომებს მეორე არხი გადასცემს პირდაპირ ეთერში.
თავდაპირველად, დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ პირველი, ვისაც კომისიის წევრები დაიბარებდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და ძალოვანი მინისტრების დაბარება ორი კვირის შემდეგ დაიგეგმა.
”ვიმსჯელეთ როგორ სჯობია ქრონოლოგიურად, მოვლენები როგორ იწყებოდა და ამის მიხედვით მოხდა მინისტრების რიგითობის გაწერა,”- განაცხადა სხდომის დამთავრების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას პარლამენტში გამოძახებულ მინისტრებთან შეკითხვები ძირითადად ომის წინა პერიოდს შეეხება.
მისი თქმით, არასწორია შეკითხვის ისე დასმა, თუ ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები, თუმცა ”ჩვენ ამ კითხვასაც უნდა გავცეთ პასუხი”.
”კომისიამ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, შევძლებდით თუ არა ჩვენ თავი აგვერიდებინა ამ კონფლიქტისთვის,” – განაცხადა დავითაიამ.
იმავდროულად, კომისიამ დაავალა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს წარმოუდგინოს რუსული აგრესიის შესახებ არსებული მასალები, მათ შორის ვიდეო-აუდიო და სატელეფონო ჩანაწერები, საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნები და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)