Site icon Civil.ge

შამბას თქმით, ბაზები რუსული ძალებისთვის განახლდება

რუსული ძალები, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად განთავსდებიან, ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზე განლაგდებიან და მათთვის ახალი ბაზები არ აშენდება, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.

”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საჭიროა აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზების განახლება, რომლებიც მანამდე მიტოვებული იყო. ახლა მზადდება ეს ბაზები, რომელთაც ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვთ,”- განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, არ იცის ზუსტი ინფორმაცია ამჟამად აფხაზეთში განლაგებული რუსული ძალების რაოდენობის თაობაზე. თუმცა, აღნიშნა, რომ ”არის მნიშვნელოვანი ნაწილი [ჯარების], რომელიც [აფხაზეთში] აგვისტოს მოვლენების შემდეგ დარჩა”.

ძირითადი რუსული სამხედრო ბაზა გუდაუთაში მდებარეობდა. რუსეთის თქმით, მან დახურა ეს ბაზა 1999 წლის ეუთოს  ვალდებულების თანახმად, თუმცა საქართველოს განცხადებით, გუდაუთის ბაზა ფაქტიურად არც დახურულა, რადგანაც რუსი სამხედროები კვლავაც იყენებენ იქ არსებულ ინფრასტრუქტურას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთი 3 800 სამხედროს განთავსებას აპირებს თითოეულ სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)