Site icon Civil.ge

“ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა” იგეგმება

ახალი მემარჯვენეები სხვა პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად  ახალი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას იწყებენ, რომელიც  7 ნოემბრიდან საქართველოში ”ახალი საპროტესტო ტალღის დაწყებას” ჩაუდგება სათავეში.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

”ჩვენ, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციები და ჩვენი თანამოაზრეები საზოგადოებრივი სექტორიდან ვაპირებთ, რომ საზოგადოებას  7 ნოემბრიდან შევთავაზოთ სრულიად ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებს, ისე ქვეყნის გარედან მომართულ საფრთხეს რუსეთის აგრესიის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ფიქრია ჩიხრაძემ. ”ამ ყველაფერს ჩვენ ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციით”.

ფიქრია ჩიხრაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა იმ პოლიტიკური ორგანიცაზიების დასახელებისგან, რომლებიც ახალ მოძრაობაში გაერთიანდებიან.

”ვინ შევლენ, როგორი ტიპის იქნება ეს მოძრაობა ამის თაობაზე, როცა დრო დადგება, გამოვაცხადებთ. მე წინასწარ არ ვაპირებ ამის გაცხადებას, მაგრამ ეს ტალღა და ეს მოძრაობა ნამდვილად დაიწყება”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

7 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განცხადება გუშინ ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა. უკვე ცნობილია, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ლეიბორისტები, რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები და კონსერვატორები.

 ”7 ნოემბრის აქცია იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი, მშვიდობიანი განზრახვის და ტყუილად ნურავინ ნუ მოინდომებს იმას, რომ ამას რაიმე ქვეტექსტები მოუძებნოს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ძირითადი მოთხოვნები იქნება დაყენებული აქციაზე. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიებს შორის, თუმცა უკვე შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა მედიის თავისუფლება იქნება.

”შარშანდელი 7 ნოემბერი გახლდათ ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ გამოვლენილი ძალადობის დღე. წლევანდელი 7 ნოემბერი და ამიერიდან ყველა 7 ნოემბერი საქართველოში იქნება ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დღე”, – დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)