საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე ცხინვალის რეგიონში რუსული ძალების რაოდენობის გაზრდას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია საქართველოში არასტაბილურობის შენარჩუნება, რათა შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონში შეყვანილია დამატებითი 2,000 ათასი ჯარისკაცი და რომ დღეისათვის ”რუსეთის საოკუპაციო ჯარის რაოდენობა 7,000-ია”.
”აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს [ძალები] პროვოკაციისთვისაა შემოყვანილი და გარდა ამ მიზნისა რუსეთს ამოძრავებს კიდევ ერთი მიზანი – ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს არასტაბილურობა საქართველოში”, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გრიგოლ ვაშაძემ. ”თქვენ გესმით, რომ რუსეთისთვის არა მარტო სამხედრო ძალა არის იარაღი, არამედ არასტაბილურობის შექმნა იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ინვესტიცია მიიღოს”.
ვაშაძის თქმით, ქართულმა მხარემ ამის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს.
დღესვე გრიგოლ ვაშაძემ ”აბსოლუტური ტყუილი” უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, ქართული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის და კონფლიქტური ზონების სიახლოვეს ქართული ჯარის განლაგების შესახებ.
”ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილას – სენაკში და გორში. რაც შეეხება არარსებულ სპეცრაზმს, რომელიც თითქოს განლაგებულია კონფლიქტის ზონის საზღვრებთან, თქვენ კარგად იცით, რომ იქ არიან ევროპელი დამკვირვებლები და ევროპელი დამკვირვებლები პერიოდულად აფიქსირებენ დარღვევბს; თუმცა არც ერთხელ ქართული მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ვაშაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)