Site icon Civil.ge

აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი მოკლეს

აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ედუარდ ემინ-ზადე 23 ოქტომბერს გალის რაიონში იპოვეს გარდაცვლილი, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ემინ-ზადე 22 ოქტომბერს გვიან ღამით გალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ზაიცევმა განაცხადა, რომ ემინ-ზადე გალის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ტერორისტული აქტების გამოძიებასთან დაკავშირებით ჩავიდა. მისი თქმით, მოკლული მაღალჩინოსანი ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში იმყოფებოდა ექვს სხვა ადამიანთან ერთად. ორი მათგანი ასევე მოკლეს, განაცხადა მან. ერთ-ერთი მოკლული სახლის მეპატრონეა, დასძინა ზაიცევმა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ემინ-ზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

”ჩვენ გვჯერა, რომ ედუარდ ემინ-ზადეს მკვლელობა საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ტერორისტული აქტია,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ბრალდება უარყვეს.

2008 წლის ივნისში ემინ-ზადე გადაურჩა სიკვდილს, როდესაც მის მანქანას სოხუმში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. იგი მაშინ მსუბუქად დაიჭრა.  

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გავლენიანი აფხაზი სამხედრო პირის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს აფხაზურ ”კრიმინალურ დაჯგუფებებს” შორის შიდა ბრძოლას.

დღესცე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, რომ გალის რაიონის სოფელ თაგილონს ქართული მხრიდან დაახლოებით დილის 8 საათზე ცეცხლი გაუხსნეს. ”აფსნიპრესი” იტყობინება აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელზე დაყრდნობით, რომ სროლა მას შემდეგ შეწყდა, რაც აფხაზურმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)