რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰოლანდიის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ჰოლანდიელი ოპერატორი, რომელიც საქართველოსთან აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, რუსული კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერატორი სტენ სტორიმანსი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მოკლეს, კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა. ეს ბომბი იმ ტიპის რაკეტიდან იქნა გამოსროლილი, რომელიც ”მხოლოდ რუსეთის სამხედრო არსენალში მოიპოვება”. სტორიმანსის კოლეგა, ჟურნალისტი ჟეროენ აკერმანსი იმავე ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილი მასალით შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება იარაღის იმ ტიპთან დაკავშირებით, რომლის ნამსხვრევიც ოპერატორს მოხვდა.
”ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და ფოტოები სტორიმანსის დაღუპვის ადგილიდან არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისა, რომ ის რუსული მხარის მიერ იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა,” -განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
”მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 20 ოქტომბერს კომისიამ წარმოადგინა მოხსენება გაკეთებული სამუშაოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ სტორიმანსი დაიღუპა კასეტული ბომბების მატარებელი სს-26 ტიპის რუსული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამოსროლის შედეგად,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. ”სამწუხაროა, რომ 17 ოქტომბერს რუსეთის საგარეო უწყებაში შეხვედრის დროს [ჰოლანდიის კომისიის წარმომადგენლებთან] რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები არ იქნა გათვალისწინებული და არ აისახა შესაბამისად ამ დოკუმენტში.”
“მიგვაჩნია, რომ რეალური ვითარებების დადგენა მხოლოდ სამხედრო ექსპერტების უფრო გულდასმით მუშაობას მოითხოვს. სხვათაშორის, კასეტური ბომბები ქართულ მხარესაც გააჩნია შეიარაღებაში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება, მან აღნიშნა, რომ მათი გამოყენება მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებში მოხდა რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ როკის გვირაბის მახლობლად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სექტემბერში, რომ მას აქვს MK4 LAR 160 ტიპის რაკეტები M85 ბომბებით, რომელიც GRADLAR 160 სარაკეტო სისტემიდან იქნა გამოშვებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)