აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა 25 ოქტომბერს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის მოსმენით დაიწყო.
კომისიის სხდომა ორ ნაწილად გაიყო: მისი პირველი ნაწილი საჯარო იყო, რომელიც მეორე არხმა პირდაპირ ეთერში გადასცა, ხოლო მეორე ნაწილი დაიხურა, რადგანაც ბეჟუაშვილის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა.
ქვემოთ მოცემულია ბეჟუაშვილის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:
• ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გვაძლევდა საფუძველს გვევარაუდა, რომ რუსეთი სახმედრო ინტერვენციას გეგმავდა;
• რუსეთის ხელმძღვანელობაში არსებობდა პოლიტიკური ნება საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ზომების გასატარებლად;
• ღია და საიდუმლო წყაროების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მზადდებოდა პროვოკაციები კონფლიქტურ რეგიონებში, მათ შორის სეპარატისტული ფორმირებების მომზადება, მათი შეიარაღება, წვრთნა, კაზაკთა და ჩრდილოკავკასიელთა ფორმირებების მობილიზება;
• რუსული ძალები საქართველოს საზღვართან იქნენ მობილიზებული და მათ მიეცათ სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება ”დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში” – მე თითქმის ციტირებას ვაკეთებ – მაგრამ ამ ესკალაციისთვის ყველაფერი კეთდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში.
• გარდა ამისა, მიმდინარეობდა ინტენსიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, მისი იზოლაცია აგრესორად წარმოჩენის მიზნით. მიმდინარეობდა პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო სამხედრო ოპერაციას გეგმავდა;
• პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან საქართველოში საომარი მოქმედებების გაჩაღების შესახებ მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2007 წლის მეორე ნახევარში. ამ გადაწყვეტილებას მოყვა მთელი რიგი პროვოკაციები;
• ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას პრეზიდენტს და ძირითად მინისტრებს – თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩათვლით – ამ მოვლენების შესახებ;
• რუსეთის ხელმძღვანელობას ჰქონდა პოზიცია, რომ საქართველო უნდა დასჯილიყო მისი საგარეო პოლიტიკური კურსის გამო;
• პროვოკაციები იგეგმებოდა სეპარატისტების საშუალებით, რაც უნდა გამხდარიყო შეჭრის საბაბი;
• რუსეთს აგრესიისთვის გააჩნდა შემდეგი მოტივები – ჩვენი ინფორმაციით – რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და მისი შესაძლებლობების ზრდის პროცესს, საქართველოს ერთიანობისთვის სასარგებლო პროცესებს, რომელიც ვითარდებოდა კონფლიქტურ რეგიონებში. კერძოდ ცხინვალის რეგიონში ძალიან პოზიტიურად მიმდინარეობდა დინამიკა აღმშენებლობის და იქ რუსეთი კარგავდა თავის გავლენას. ისე მინდა ავღნიშნო კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გატარებული ღონისძიებები; რუსეთი კარგავდა გავლენას კონფლიქტურ რეგიონებზე, კერძოდ სამხრეთ ოსეთზე; რუსეთს ასევე აშფოთებდა საქართველოს წარმატება საერთაშორისო არენაზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები.
• რუსეთმა ვერ გამოუთხარა ძირი საქართველოს ეკონომიკას ემბარგოს საშუალებით და ერთადერთი ბერკეტი რუსეთისთვის იყო პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია; რუსეთი ჩქარობდა გარანტირებული ბუფერული ზონის შექმნას აფხაზეთში [2014 წელს დაგეგმილი] სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ;
• ინტერვენციის მიზანი იყო – ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სრული სიაა – საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება და რუსეთისთვის ხელსაყრელი რეჟიმის დამყარება; საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა; ენერგო სატრანზიტო მარშრუტების დაბლოკვა ან გაკონტროლება და რუსეთის სამეზობლოში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის აღკვეთა.
• ომი 7 აგვისტოს არ დაწყებულა; რუსული ძალები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი ახორციელებდნენ ფარულ ანექსიას აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე.
• რუსეთმა დამატებითი ძალების განთავსება 2008 წლის მარტში დაიწყო, ხოლო დანარჩენი ძალების ინტენსიური განთავსება 2008 წლის მაისში და ივნისში დაიწყო – აქ მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში სარკინიგზო ძალების გაგზავნის თაობაზე.
• 7 აგვისტოს – დილით ადრე სამხრეთ ოსეთში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და ტექნიკა შევიდა – აქ მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, მათ შორის ოს სამხედროებს შორის ჩაწერილი სატალეფონო საუბრები.
• საჰაერო ძალების მობილიზება ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის აეროდრომზე დაიწყო.
• ავაქსის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები მოზდოკში 4 ან 5 აგვისტოს დაეშვა. ეს არის თვითმფრინავი, რომელსაც საარტილერიო ცეცხლის კორექტირება შეუძლია.
• 7 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონში დამატებითი ძალები შევიდნენ.
• ჩვენ ამ მოვლენების შესახებ ინფორმაციის დიდი ნაკადი გვქონდა, მათ შორის რუსული ძალების გადაადგილების შესახებ და ჩვენ ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ვაწვდიდით.
• აგრესიის მოსალოდნელი მასშტაბის შეფასება ადვილი არ იყო.
• 9 აგვისტოს ჩვენ ვიხილეთ აგრესიაში მონაწილე რუსი სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა – ეს ის დღეა, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ვლადიკავკაზში ჩავიდა. დახურულ სხდომაზე მე მოგაწვდით ამ ზრდის მაჩვენებლებს.
• 9 აგვისტოს შემდეგ აგრესიის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინის ჩასვლა ვლადიკავკაზში სწორედ ამ გაზრდას უკავშირდებოდა.
• რუსული ძალების მიერ ”კავკაზ 2008” სახელწოდებით ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული სამხედრო წვრთნების ხასიათი განსხვავდებული იმ წვრთნებისგან, რომლებიც იმავე ადგილას წინა წლებში ტარდებოდა. ამ საკითხის დეტალებს დახურული სხდომის დროს მოგაწვდით.
• რუსული აგრესიის ერთ-ერთი მოტივი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება იყო.
• ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება [საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით] რუსეთისთვის არაპირდაპირი ვეტოს მიცემის ტოლფასი იყო, რამაც თავის მხრივ ხელები გაუხსნა რუსეთს.
• დახურულ სხდომაზე გაგცემთ პასუხს კითხვაზე გვაწვდიდნენ თუ არა დასავლური სადაზვერვო სამსახურები ინფორმაციას რუსეთის დაგეგმილ აგრესიასთან დაკავშირებით.
• ჩვენ – დაზვერვის სამსახური – ველოდით, რომ რუსეთი დაძაბულობის ესკალაციას სექტემბერში, ოქტომბერში ან ნოემბერში დაიწყებდა. სხვა სტრუქტურები უფრო ადრინდელ ვადებს ვარაუდობდნენ და როგორც აღმოჩნდა, ის სტრუქტურები მართლები ყოფილან.
• 2 აგვისტოდან მივლინებაში ვიმყოფებოდი [მან არ დააკონკრეტა სად იმყოფებოდა] – ამ მივლინების დეტალებს დახურულ სხდომაზე მოგაწვდით – საქართველოში 8 აგვისტოს საღამოს დავბრუნდი.
• მე ვაცნობე ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩვენი [დაზვერვის სამსახურის] ვარაუდის შესახებ მოსალოდნელ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით.
• დროულად ვერ მოხერხდა ეროვნული უსაფრთხოების კონცენციის ადაპტირება ახალი საფრთხეების შესაბამისად.
• ჩვენ არ გვქონია რაიმე სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი დასავლეთ საქართველოს, მათ შორის ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ოკუპაციას გეგმავდა.
• ჩვენ არ გაგვიანალიზებია ის სპეცულაციები, რომელიც უკავშირდება მთავრობის იმ წევრების შესაძლო შპიონაჟს, რომელთაც ორმაგი[რუსულ-ქართული] მოქალაქეობა აქვთ – ბეჟუაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პაატა დავითაიამ უთხრა მას, რომ არსებობს კითხვები მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახა ბენდუქიძის როლთან დაკავშირებით.
• ერთხელ ჩვენ ვაცნობეთ ეკონომიკის სამინისტროს იმ ინვესტორის თაობაზე, რომელიც სტრატეგიულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა; წერილი შეიცავდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა ამ ინვესტორის უკან; საქმე ენერგო სექტორს ეხებოდა. ჩვენს წერილზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
• ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დახურულ სხდომაზე გასცემს პასუხს კითხვას ჰყავდა თუ არა რუსეთს მოკავშირეები საქართველოს შიგნით აგრესიის დროს.
კომისიის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ჰკითხა ბეჟუაშვილს, თუ რა უთხრა მას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მოსკოვში 2008 წლის 21 თებერვალს გამართული შეხვედრის წინ. შეხვედრის დაწყებამდე ხელის ჩამორთმევის ცერემონიალის დროს, ვიდეოკამერებმა დააფიქსირა კარდი, რომლის დროსაც პუტინი მიუახლოვდა ბეჟუაშვილს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
ბეჟუაშვილმა განუცხადა კომისიის წევრებს ღიმილით, რომ ამ კითხვას პასუხს დახურულ სხდომაზე გასცემს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)