საქართველო კონფლიქტის მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, რადგანაც რუსეთმა აგვისტოში ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ოქტომბერს.
მან ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც მას შემდეგ მოიწვია, რაც წალენჯიხის რაიონის გამგებელი გია მებონია ნაღმზე აფეთქდა.
ინციდენტი 25 ოქტომბერს მაშინ მოხდა, როდესაც გია მებონია ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუჟავაში მცხოვრები ოთარ საბულუას სახლზე მომხდარი თავდასხმის შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ასევე სახლის მეპატრონე და დაიჭრა წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომელი. შსს-ს ინფორმაციით, წინა ღამეს სოფელ მუჟავაში, ოთარ საბულუას სახლი იქნა დაცხრილული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა თავის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში, რომ ნაღმი აფეთქდა. თუმცა, მოგვიანებით სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო დისტანციული მართვის პულტით ამოქმედებული ასფეთქებელი მოწყობილობა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენმტა სააკაშვილმა განაცხადა, რომ წალენჯიხაში მომხდარი ფაქტი წარმოადგენს ”პროვოკაციას” და ”ტერორისტულ აქტს”.
”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბოროტი ძალის წინაშე ვდგავართ,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ეს ძალა იმედგაცრუებულია, რომ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს აგვისტოში, რაც იყო საქართველოს ოკუპაცია, თბილისის დაპყრობა, ხელისუფლების ჩამოგდება და მთელი რეგიონის ხელში ჩაგდება”.
”სანამ ასეთი განწყობა არსებობს, ქვეყანა კონფლიქტის წარმოშობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება,”- განაცხადა მან.
”ახლა როგორც არასდროს საჭიროა ორგანიზებული და კოორდინირებული ქმედებები და სიმშვიდე, სიმტკიცე და ერთობაა საჭირო,” – განაგრძო სააკაშვილმა. ”თითოეულმა სტრუქტურამ უნდა იმუშავოს ორგანიზებულად და მაქსიმალური კოორდინაციაა საჭირო ევროკავშირის დამკვირვებლებთან, რათა აღკვეთილ იქნას დანაშაულები ორივე კონფლიქტურ რეგიონში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხს უნდა გაიმეორონ თავიანთი დანაშაულები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათ აღსაკვეთად”.
იმავდროულად, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს რაიმე კავშირი ამ ინციდენტთან. გალის რაიონის აფხაზური პოლიციის უფროსმა ლორენს კოღონიამ განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ ბოლო 24 საათის მანძილზე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)