საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა განაცხადა რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 28 ოქტომბერს დაიბეჭდა, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომს გამოიძიებს დაკომპლექტდება ”ინტელექტუალების, პოლიტიკოსებისა და იურისტებისგან”.
კუშნერის თქმით, კომისიას უხელმძღვანელებს ”შვეიცარელი ქალბატონი”. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი შეიკავა ამ პიროვნების დაკონკრეტებისგან, განაცხადა, რომ ეს არ იქნება კარლა დელ პონტე და დასძინა, რომ მომავალი თავმჯდომარე არის ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
ფრანგმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო ითანამშრომლებენ კომისიასთან და ”მათ უნდა გახსნან არქივები”.
”თუ ისინი არ დათანხმდებიან – მათ წინააღმდეგ იქნება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ უნდა გააკეთონ ეს. შემდეგ კომისია შეხვდება თავდაცვის მინისტრებს, პრეზიდენტებს. მე არ ვიცი დათანხმდება თუ არა ბატონი მედვედევი. თუმცა, რატომ უნდა თქვას მან უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე? – განაცხადა კუშნერმა.
საქართველოს ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა აგვისტოს ომის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 25 ოქტომბერს, რომ თბილისი ”ღიაა თანამშრომლობისთვის საერთაშორისო გამოძიებასთან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)