საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შესაძლოა პოლიტიკური პროგრამების არხად გადაკეთდეს, რომელიც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების განცხადებებს და პრესკონფერენციებს პირდაპირ ეთერში გააშუქებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეს ინიციატივა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ლევან ყუბანეიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ლევან გახელაძესთან შეხვედრაზე განიხილა.
”ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმაზე, რამდენად გააჩნიათ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობისთვის მიმართვის საშუალება და მოსახლეობასთან პირდაპირ ეთერში კომუნიკაციის საშუალება,” – განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ საბჭო ”აქტიურად იმუშავებს” პოლიტიკურ პარტიებთან ”იდეის ზუსტი ფორმატის” და ”არხის ზუსტი პროგრამირების” განსაზღვრის მიზნით. ამჟამად გადამცემებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეორე არხი მთელ საქართველოს ვერ ფარავს.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი არხი აქვს – პირველი, ძირითადი არხი და მეორე არხი, რომელზეც პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ხდება. ამჟამად მეორე არხზე ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომების ღია ნაწილი.
ლევან ყუბანეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მეორე არხის ახალი ფორმატი არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროგრამებში. მისი თქმით, უკვე 1 დეკემბრიდან პირველი არხი განახლებული ფორმატით გავა ეთერში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)