Site icon Civil.ge

სსფ: საქართველოს ეკონომიკის საფუძველი ”მყარია”

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ”საქართველოს ეკონომიკის საფუძველი მყარია და იგი შეძლებს გადალახოს აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები”.

”ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისი საქართველოზეც იქონიებს გავლენას. უცხოური კაპიტალის შემოდინება, რომელზეც კონფლიქტმა გავლენა უკვე იქონია, შეიძლება კიდევ უფრო შეფერხდეს,” – განაცხადა სსფ-მ და დასძინა, რომ ამგვარ ვითარებაში, საერთაშორისო დონორების მიერ 4.5 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა ”დიდად დაეხმარება სტაბილურობის აღდგენის პროცესს”.

”ის ღონისძიებები, რომელიც ხელისუფლებამ აგვისტოს კონფლიქტის შემდგომი შედეგების აღმოსაფხვრელად გაატარა, შეესაბამებოდა შექმნილ ვითარებას, საქართველოს საბანკო სისტემა კი სათანადოდ მყარია,” – დასძინა სსფ-მ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მისია მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური ვითარების რიგით პირველ მიმოხილვას საქართველოსა და სსფ-ს შორის არსებული18-თვიანი პროგრამის ფარგლებში.  აღნიშნული პროგრამა, ანუ საკრედიტო ხაზი 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დამტკიცებული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 15 სექტემბერს.

პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ასევე ინვესტორთა ნდობის გაძლიერება, საერთაშორისო რეზერვების ზრდის უზრუნველყოფა და დონორთა მხარდაჭერის კუთხით კატალიზატორის როლის შესრულება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)