არჩევნებზე მომუშავე ელჩების სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში გაეროს და ეუთოს მისიები თანათავმჯდომარეობენ, მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს და ხელისუფლებას ”პასუხისმგებლობით მოიქცნენ” ოპოზიციის მიერ 7 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
”გვახსოვს რა 2007 წლის ნოემბრის შემაშფოთებელი მოვლენები, ელჩები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს პასუხისმგებლობა და დემოკრატიული პრინციპების დაცვა გამოავლინონ 2008 წლის 7 ნოემბერს დაგეგმილი საპროტექტო აქციის დროს, სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ თავიანთი პოზიციები და თავიდან აიცილონ ძალადობა,” – განაცხადა ელჩების ჯგუფმა 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჯგუფმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას ”ღია დიალოგი გამართონ, რათა მიაღწიონ იმ საკითხების გრძელვადიან კონსტრუქციულ მოგვარებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველებისთვის”.
ელჩების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დიპლომატები ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი და გაეროს კოორდინატორი საქართველოში.
ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, 6 ნოემბერს უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო უცხოელი დიპლომატების ინფორმირება ოპოზიციის გეგმების თაობაზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლევან გაჩეჩილაძემ, კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან, ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრმა ეკა ბესელიამ და ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ.
6 ნოემბერს რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში კახა კუკავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის უახლოესი მიზნებია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა და "ტელეკომპანია ”იმედის” დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისთვის," ხოლო საბოლოო მიზანია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2009 წლის გაზაფხულზე.
მან ასევე განაცხადა, რომ აქცია 7 ნოემბერს 14:00 საათზე შეიკრიბება. შემდეგ დაიწყება მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, სადაც ოპოზიცია მოთხოვნებს გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
”ამ მოთხოვნებში შედის თავისუფალი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ”იმედის” დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – 16 ადამიანი – რომლებიც გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კვლავ პატიმრობაში რჩებიან და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე ახალი საარჩევნო კოდექსის პირობებში,” – განაცხადა კუკავამ.
”ეს არის ჩვენი წინადადებები ხელისუფლებისთვის; ხოლო ”იმედთან” დაკავშირებული საკითხი არის ჩვენი მოთხოვნა და თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება 23 ნოემბრამდე, საპროტესტო აქციები განახლდება სხვადასხვა ფორმით,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)