თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის პოზიცია კვლავ მტკიცე დარჩება და განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე, რათა სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 20 ნოემბერს რიგაში.
”საკითხის მოგვარების მთავარი გასაღები არის ევროკავშირის განგრძობადი პოლიტიკა,” – განაცხადა ბაქრაძემ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარის რიეკსტინშთან შეხვედრის შემდეგ, ”თუ ევროკავშირი იქნება მტკიცე, თუ ევროკავშირი იქნება მუდმივი თავის პოლიტიკაში კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში, მე სამაოდ დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ რუსეთს მოუწევს საკუთარი ვალდებულებების შესრულება და რუსეთს მოუწევს 7 აგვისტოს არსებული სტატუს ქვოს აღდგენა”.
”და ამ განგრძობადობას უზრუნველყოფს ევროკავშირში ჩვენი მეგობრების აქტიური პოზიცია და ლატვია ძალიან კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ კუთხით,” – დასძინა ბაქრაძემ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ რუსეთი სრულად არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)