Site icon Civil.ge

ლიტვის პრეზიდენტი რუსეთს ”უხეში ძალის” გამოყენების გამო აკრიტიკებს

ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა პრეზიდენტ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც "ვარდების რევოლუციის" ხუთი წლის იუბილე მიულოცა და რუსეთისაქართველოს წინააღმდეგ ”უხეში ძალის” გამოყენების გამო გააკრიტიკა.

”ხუთი წლის წინ საქართველომ გააცნო მსოფლიოს თავისი გადაწყვეტილება თავისუფლების, დემოკრატიის და რეფორმების გზის დაწყებასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად იცოდით, რომ ეს იქნებოდა რთული გზა,” – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა წერილში, ”მაგრამ არავის ეგონა, რომ თქვენ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდებოდა უხეში სამხედრო ძალა, რომელიც საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული”.

ლიტვა ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც რუსეთთან პარტნიორობის მოლაპარაკებების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი დარჩა ბოლომდე. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა. ისტორია გვაჩვენებს, ვინ იყო სწორი და ვინ არა,” – განუცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგიმანტას პავილიონისმა AFP-ს 10 ნოემბერს.

ლიტვის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა წერილში, რომ საუკეთესო პასუხი აგვისტოს მოვლენებზე იქნება ”საქართველოს შემდგომი მცდელობები დემოკრატიული პრინციპების კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების კუთხით”.

”მე მტკიცედ მჯერა, რომ ქართველი ხალხის იმედები და მოლოდინები აშენონ თავიანთი ცხოვრება დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანაში, გარე სამხედრო ძალის მუქარის გარეშე, ასრულდება, ისევე როგორც ეს მოხდა ხუთი წლის წინ,” – განაცხადა პრეზიდენტმა ადამკუსმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)