სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ პარლამენტის დროებით კომისიას 22 ნოემბერს განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ახორციელებდა 8-9 აგვისტოს საომარი მოქმედებებისას ქართული სოფლებიდან მოსახლეობის გამოყვანის პროცესს.
ქვემოთ მოცემულია სანაკოევის ჩვენების ძირითადი პუნქტები:
- გაზაფხულის დასაწყისიდან ცხინვალის ხელისუფლებამ დაიწყო ბლოკსაგუშაგოების გახსნა და სანგრების თხრა. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ივნისიდან უკვე დაიწყო ვითარების გამწვავება – სროლები და მკვლელობები – რაც ცხინვალის ხელისუფლებას სჭირდებოდა.
- ამ ფაქტებზე რუსი სამშვიდობოები არ რეაგირებდნენ და ფაქტიურად, ქართული სამშვიდობო ძალები დატოვეს [ცხინვალის] რეჟიმის პირისპირ.
- 1-2 აგვისტოს უკვე სეპარატისტული ძალების მხრიდან მასიური სროლების ქვეშ იყო სოფლები ავნევი და ნული. ჩემთვის სადაო საკითხია, რომ 7 აგვისტოს დაიწყო კონფლიქტი. კონფლიქტი გაცილების ადრე დაიწყო, თუმცა ის აქტიურ ფაზაში 7 რიცხვში გადავიდა.
- 6 აგვისტოს საღამოს შევხვდი პრეზიდენტს და განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება.
- ჯერ კიდევ ღამის 12 საათი არ იყო [7 აგვისტოს] დამირეკა [დიდი ლიახვის] ხეობიდან დროებითი ადმინისტრაციის შს მინისტრმა ჯემალ ქარქუსოვმა, რომელმაც მითხრა, რომ თამარაშენს ესროდნენ.
- 1-2 აგვისტოს ჯავის ზემოთ სოფელში უკვე იყვნენ რუსული ნაწილები განთავსებული – 7 აგვისტომდე რუსული ძალები უკვე შემოსული იყვნენ. ძირითადი კოლონა 7-8 აგვისტოს შემოვიდა.
- რაც შეეხება უშუალოდ მოვლენებს, რომელიც ეხება კონსტიტუციური წესრიგის შესრულებას, მე [8 აგვისტოს] ღამის 4 საათზე წავედი გორში და ვიმყოფებოდი შსს-ს შტაბში. ამის შემდეგ მას კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ თხოვა დაეზუსტებინა ჰქონდა თუ არა მას მხედველობაში თავისი რეგიონის კონსტიტუციური წესრიგი. სანაკოევმა უპასუხა: დიახ, დიახ.
- 9 აგვისტოს დღის 3-დან 6 საათამდე კორიდორის გაკეთება იყო ნამდვილად ჩემი ინიციატივა, რათა ადამიანებს – ქართველებსა და ოსებს – შეძლებოდათ გამოსვლა ხეობიდან. სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან შემოვლითი – ერედვი-კეხვის – გზა იყო ძალიან საშიში იმის გამო, რომ ის იცხრილებოდა.
- ამ მომენტში მე გორის შტაბში ვიმყოფებოდი – ეს ალბათ სამხედრო შტაბი იყო, რადგან ორი მინისტრი იყო იქ [შს მინისტრი ვანო] მერაბიშვილი და [თავდაცვის მინისტრი დავით] კეზერაშვილი. მე გენერალური შტაბის უფროსი [ზაზა გოგავა] იქ არ მინახავს, მაგრამ იყვნენ სხვადასხვა მეთაურები, მათ შორის რეზერვის.
- რეგიონის ქართული სოფლებიდან ხალხი უკვე 8 აგვისტოს ტოვებდა ხეობას, ძირითადი ხალხის მასა 9 აგვისტოს გამოვიდა. 9 აგვისტოს ჩვენი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს ხეობა.
- 8 აგვისტოს ჩვენ ჩამოვიყვანეთ პირველი ნაკადი თბილისში და შემდეგ დავბრუნდი გორში. 9 აგვისტოს უკვე თბილისში ვიმყოფებოდი და დევნილების დაბინავების საკითხებზე ვმუშაობდი. ჩვენ არ ვემზადებოდით ომისთვის და არ გვქონდა შეგრძნება, რომ მოგვიწევდა ევაკუაციის განხორციელება. ევაკუაციის გეგმა არ გვქონია… ადამიანებს არც კი უნდოდათ თავისი სახლების დატოვება.
- თიღვის [თემიდან], დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან 16 ათასზე მეტი ადამიანი დავაფიქსირეთ, რომლებმაც დატოვეს ცხინვალის რეგიონი. ამ მონაცემში არ შედის ახალგორის რაიონი. მე დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, რამდენი ოსი ეროვნების ადამიანია მათ შორის.
- კონფლიქტის ფესვები 2004 წლამდე იღებს სათავეს, რადგან მე თვითმხილველი ვარ, როცა რუსული ინსტრუქტორები ცხინვალში, როცა შეიარაღებულ ფორმირებებს ამზადებდნენ, ამბობდნენ რომ საჭიროა გენოციდისთვის პირობების შექმნა, რათა შემდეგ შეგვეძლოს თქვენი აღიარება; გენოციდისთვის საჭიროა, რომ თქვენში დაიღუპოს 5-6 ათასი ადამიანი. მაშინ ჩვენ ვერ ვიგებდით რატომ უნდა დავხოცილიყავით იმისთვის, რომ შემდეგ ვეღიარებინეთ. ამ შეიარაღებული ფორმირებების მომზადება და შეიარაღება რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
- მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ის დროებით ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში, კგბ-დან იყო მცდელობა მისი მოსყიდვის, რათა უარი ეთქვა ახალ საქმიანობაზე. ისინი თვითონ ამბობდნენ, რომ გაუშვეს შანსი, როცა აქ [ქართულ მხარეს] გამომიშვეს, განაცხადა სანაკოევმა.
- სქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, გააკეთა პრობლემის მშვიდობიანად მოწესრიგებისათვის, თუმცა ეს მიუღებელი იყო ცხინვალის ტოტალიტარული რეჟიმისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)