Site icon Civil.ge

საერთაშორისო რეაქცია პრეზიდენტების კორტეჟთან დაკავშირებულ ინციდენტზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა და ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ თავშეკავებული კომენტარები გააკეთეს 23 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟის მახლობლად განხორციელებული სროლების თაობაზე.

”მე არ ვიცი ზუსტად რა მოხდა,” – იტყობინება Deutsche Welle სხეფერის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ეს არასწორია და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმებას”.

”ჩვენ არ ვადანაშაულებთ არავის, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მათ ვადანაშაულებ, ვინც დაიწყო სროლები,” – დასძინა მან.

სოლანამ განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა ევროკავშირის დამკვირვებლებს ადგილზე და ელის მათგან ინფორმაციას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. 

”მე მოვისმინე ორივე პრეზიდენტისგან გაკეთებული განცხადებები. მე ვერ დავადასტურებ ერთს ან მეორეს,” – განაცხადა მან 24 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”რაც აქ მნიშვნელოვანია და – თქვენ იცით, რომ რასაც ამგვარი ინფორმაციები და განცხადებები ნათლად ადასტურებს არის ის, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში დამკვირვებელთა ეფექტური განთავსება და ასევე ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, რათა საქართველოში ყველასთვის იყოს უფრო მშვიდობიანი და უკეთესი სიტუაცია”.

იმავდროულად, პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა პოლონეთში საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, რომ მისი აზრით, რუსმა ჯარისკაცებმა განახორციელეს გასროლები, როდესაც ის და მისი ქართველი კოლეგა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მიუახლოვდნენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, კაჩინსკის პოლიტიკურმა მეტოქემ, განაცხადა 24 ნოემბერს, რომ მან მოითხოვა დეტალური მოხსენება იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, იტყობინება ”როიტერი”. ”არსად მსოფლიოში პოლონეთის პრეზიდენტს არ შეიძლება შეექმნას ასეთი რისკი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ლონდონში.

იმავდროულად, ვარშავაში მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის, ასევე ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს, ბულგარეთის, რუმინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ინციდენტი და მისი გამოძიებისკენ მოუწოდეს, იტყობინება Deutsche Welle.

”მინისტრები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას და კატეგორიულად გმობენ საქართველოში 2008 წლის 23 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სამხრეთ ოსეთის (საქართველო) მახლობლად მიმავალ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟის უშუალო სიახლოვეს ცეცხლი გახსნეს,” – განაცხადეს მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში, ”მინისტრები მოუწოდებენ ინციდენტის შესაბამისი გამოძიებისკენ”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)