საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობამ რეფორმების განხორციელების კუთხით შესაძლოა ”შექმნას ფეთქებადსაშიში პოლიტიკური დაპირისპირება,” განაცხადა საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა (International Crisis Group – ICG) მოხსენებაში რომელიც 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ”საერთაშორისო კეთილგანწყობა” და ასევე ნაწილი იმ 4.5 მილიარდი აშშ დოლარიანი დახმარებისა, რომელიც საერთაშორისო დონორებმა აღუთქვეს თბილისს, თუ ხელისუფლება ვერ განახორციელებს და ვერ გააფართოვებს დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
მოხსენება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით – რომლის სახელიც არ არის მოყვანილი – ამბობს, რომ სააკაშვილს ”კარგად ესმის, რომ არსებულ სიტუაციაში რეფორმების გატარებას ალტერნატივა არ გააჩნია.”
მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია ”სულ ცოტა დროებით მაინც არის მყარი”, მის მთავრობას მოუწევს პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცდის გავლა ზამთრში და გაზაფხულზე.
”ომის წარმოებასთან დაკავშირებით არსებულმა საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნამ, ასევე ხელისუფლების ავტორიტარულმა ტენდენციებმა, შენელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა და მზარდმა ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა ოპოზიციის გააქტიურებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შექმნას,” – აცხადებს ICG.
თუმცა, მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველი რჩება, თუ ”ვინ შეძლებს მოსახლეობის უკეთ მობილიზებას და რა მიზნის გარშემო – გარდა იმ მიზნისა, რაც ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება… არც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციური ფიგურა არ წარმოადგენს საფრთხეს არსებული ხელისუფლებისთვის”.
”ამ დაძაბულობის თავიდან აცილება უფრო მყისიერი გამოწვევაა სახელმწიფოებრიობისთვის, ვიდრე არსებული კონფრონტაცია რუსეთთან ან ფაქტობრივი დაკარგვა – ყოველ შემთხვევაში მრავალი წლით მაინც – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის,” – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის ერთიანობა, რომელსაც ხელთ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, სტაბილურობის გარანტიას იძლევა.
ICG შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მოიხსენიებს, როგორც ”პრეზიდენტის წრის ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს”.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე და მისი მოადგილე ნიკა რურუა, მოხსენიებულნი არიან, როგორც პრეზიდენტის გარემოცვის ”ყველაზე გავლენიანი” ფიგურები.
”მთავრობაში ოფიციალურ პოსტებზე მეტად პირადი ურთიერთობები უფრო განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ არის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვის წევრი,” – ნათქვამია მოხსენებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)