რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კმაყოფილება გამოხატა ვაშინგტონის პოზიციის მიმართ, რომელიც საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ალტერნატიულ ვარიანტზე მსჯელობებს უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ”ამ ეტაპზე არ არის საჭირო რაიმე განხილვები MAP-თან დაკავშირებით”, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნატომ შეცვალა ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ალიანში სამომავლო მიღების თაობაზე. რაისმა ასევე განაცხადა, რომ ”სავსებით ნათელია, რომ ეს ორი ქვეყანა არ არის მზად წევრობისთვის”. მისი თქმით, ბრიტანეთის ინიციატივით განიხილება თბილისისთვის და კიევისთვის MAP-ის ალტერნატიული წინადადების შეთავაზების საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, 2-3 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე გახდება საჯარო.
”კმაყოფილი ვარ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა – სამწუხაროდ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მუშაობის მიწურულს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის არსებული ვითარების კონსტანტაცია,”- განაცხადა მედვედევმა კუბაში სტუმრობისას, ”ამერიკელებმა მხედველობაში მიიღეს ევროპელების აზრი, თუ ვინმე სხვისა, ყველაზე მთავარია, რომ ახლა ეს იდეა წინ არ მიიწევს ისეთი გააფთრებით და ისევე უაზროდ, როგორც ის რამდენიმე ხნის წინ ვითარდებოდა”.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ თავად საქართველო და უკრაინა უნდა გაერკვეს რეფერენდუმების ჩატარების გზით სურთ თუ არა ნატოში ინტეგრაცია. ”ამის შემდეგ ომოძრაონ იქით, საითკენაც სურთ,”- დასძინა მან.
საქართველოში 5 იანვარს ჩატარდა პლებისციტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 77%-მა დაუჭირა მხარი.
ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით, მედვედევის პოზიცია უფრო სასურველის რეალობად მიღების მცდელობაა.
”ამ განცხადებაში მხოლოდ იმ ნაწილის დანახვა, რომ საუბარი შეიძლება იყოს MAP-ის არ მიცემაზე და არ დანახვა მეორე ნაწილისა, სადაც საუბარი არის სხვა მექანიზმების გამოყენებით ნატოში გაწევრიანებაზე, მე ვფიქრობ არის მხოლოდ სასურველის რეალობად მიღების მცდელობა, ”- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 28 ნოემბერს.
”რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ცდილობს ჩაერიოს ნატოს გაფართოების პროცესში და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოს ნატომ, როგორც ორგანიზაციამ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, რათა არ დაუშვან ამ ორგანიზაციის პრაქტიკულად დაშლა ამგვარი ზეწოლის ქვეშ,”- განაცხადა გიორგი ბარამიძე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)