Site icon Civil.ge

ბოკერია და კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად რჩებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და ნინო კალანდაძე შეინარჩუნებენ პოსტებს, განაცხადა ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 10 დეკემბერს.

”ბატონმა გიგა ბოკერიამ დამდო პატივი და რჩება, ეს ჩემი თხოვნა იყო,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს სამინისტროში წარდგენის შემდეგ.  

მისი თქმით, მისი ახალი მოადგილე გახდება დავით ჯალაღონია, რომელიც  პასუხისმგებელი იქნება ევროინტეგრაციის საკითხებზე. ჯალაღანია საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ვაშაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ”ომი არ დამთავრებულა”.

”ეს აგრესია არ დამთავრებულა და ისევ იმ საფრთხეების წინაშე ვდგევართ, რა საფრთხეები წინაც ვიდექით აგვისტოში,”- განუცხადა მან თანამშრომლებს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება.

”ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო მოფიქრებული, გააზრებული და ღრმა პატივისცემით სავსე რუსეთის მიმართ,”- აღნიშნა მან.

ვაშაძე საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილედ თებერვალში დაინიშნა, სადაც ის რუსეთთან ურთიერთობებს კურირებდა. ნოემბერში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ის კულტურის მინისტრი გახდა, თუმცა დეკემბერში კვლავ დაბრუნდა საგარეო უწყებაში მინისტრის რანგში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)