Site icon Civil.ge

ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება – კუბლაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას.

კუბლაშვილმა 11 დეკემბერს Civil.ge-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ამ ჯგუფის ფორმატი განსაზღვრული არ არის, თუმცა ის არ იქნება ”ჩაკეტილი” და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

”საუბარია ახალი კოდექსის მიღებაზე,”- განაცხადა მან, ”სადაც ნებისმიერი თემა იქნება მსჯელობის და მეტ-ნაკლებად კონსენსუსის მიღწევის საგანი. რაც მთავარია, პროცესი გამჭირვალედ უნდა წარიმართოს”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე საუბარი ზაფხულიდან დაიწყო, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შექმნის დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალ კვირას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. მისი ინფორმაციით, აშშ-ში გამგზავრებამდე ბაქრაძეს ამ საკითხებზე კონსულტაციები ჰქონდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან.

ქართული მედიის ცნობით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში გამოსვლისას გაახმოვანა.

ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდიან და ამ მიზნით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)