საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ვრცელი საუბარი” ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მოსკოვში გამგზავრებამდე და ”შევთანხმდით იმაზე, თუ რა გზავნილი უნდა წაეღო მას რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად”.
”მე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი ნააზრევი მან სიტყვა-სიტყვით გადასცა და თავისი აზრი მოახსენა იმ ქვეყანას, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და აგრძელებს ამ ოკუპაციას,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 დეკემბერს ბათუმში მეციტრუსეებთან გამართული შეხვედრის დროს.
მისი თქმით, პატრიარქმა სახალხო დიპლომატიის მისია განახორციელა თბილისსა და მოსკოვს შორის.
”მისმა უწმინდესობამ ძალიან ნათლად უთხრა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ შეურიგდება საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს მიწების მიტაცებას,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ველით, რომ როდესღაც რუსეთი – და იმედია, რომ ეს როდესღაც იქნება უფრო ადრე, ვიდრე გვიან – დაიკავებს საღი აზრის პოზიციას და მიხვდება, რომ ის რაც არ გერგება, არ შეგერგება”.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები რუსეთთან და მზადაა დიალოგისთვის, თუ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე იქნება დაფუძნებული.
11 დეკემბერს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ეს ”ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს”. მისი თქმით, მედვედევი მზადაა ასევე დევნილების დაბრუნებას დაუჭიროს მხარი.
”იმედია რომ ეს არის სიმართლე,”- განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო, ”მე უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ ეს ჩვენი ხალხი გამოყარა იქიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენი ხალხის მიერ მიტოვებულ სახლებში დღეს ჩაასახლეს რუსი ოფიცრები. მიწასთან გასწორებულ თამარაშენში, ქურთაში მოსკოვის მერი ლუჟკოვი აშენებს რუსი სამხედროებისთვის ახალ მიკრორაიონს. დაცარიელებულ გალსა და ოჩამჩირეში ჩამოასახლეს რამდენიმე ასეული გადამთიელი ურალიდან რუსულ სამხედრო ფორმაში იმისათვის, რომ შეავსონ ქართველი ხალხის მიერ დაცარიელებული სახლები. ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაცია აღარ ეძახის მათ საქართველოს”.
იმავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პატრონაჟით მზადდება კულტურული დღეები მოსკოვში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში.
”იმისათვის, რომ შევახსენოთ რუსულ საზოგადოებას იმ დიდ კულტურულ კავშირებზე და დიდ კულტურულ საგანძურზე, რომელიც გააჩნია საქართველოს,”- აღნიშნა მან, ”და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც ჩვენმა პატრიარქმა მას ნათლად უთხრა: არასდროს არც ერთი ქართველი არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, საქართველოს ანექსიის დაკანონებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)