Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი ელჩების კანდიდატურები წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ბათუ ქუთელიას, ხოლო გაეროში უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას კანდიდატურები დაასახელა. 

დღესვე საქართველოს პარლამენტმა 16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ახალი ელჩები დაამტკიცა.

მინისტრის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ელჩად წარდგენილია გიორგი ბადრიძე, რომელმაც ამ პოსტზე გელა ჩარკვიანი შეცვალა. ეს უკანასკნელი კი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში დაინიშნა ელჩად.

საქართველოს ელჩად თურქეთში წარდგენილია ტარიელ ლებანიძის კანდიდატურა, რომელსაც ეს თანამდებობდა გასულ წლებში უკვე ეკავა. ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  ყოფილი ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

უკრაინაში წარდგენილია გრიგოლ ქათამაძის კანდიდატურა, რომელსაც ეს თანამდებობა ასევე ეკავა გასულ წლებში. მან მერაბ ანთაძე შეცვალა, რომელიც სუამის ორგანიზაციაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

პარლამენტმა დღევანდე სხდომაზე უკვე დაამტკიცა ნინო ნაკაშიძე, ყოფილი დეპუტატი და პარლამენტის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წინა მოწვევის პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩად; ასევე  საქართველოს ყოფილი კონსული ისრაელში ვლადიმერ კონსტანტინიდი კვიპროსში დაინიშნა ელჩად, ხოლო ვახტანგ ჯაოშვილი, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ისრაელში გახდა საქართველოს ელჩი.
ზურაბ ჭუმბურიძე საქართველოს ელჩი გახდა უნგრეთსა და სერბეთში.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, დროებით ვაკანტური რჩება ესტონეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ელჩების თანამდებობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)