საქართველოს პატრიარქმა ილია მეორე 16 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან ”დადებით შეთანხმებებს” მიაღწია და ამ შეთანხმებებს ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ ”ფრთხილი და დიპლომატიური” მიდგომა სჭირდება.
”მე მქონდა მოსკოვში შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან და საკმაოდ დადებითი და კარგი შეთანხმებები იყო, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა და ამას უნდა ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური მიდგომა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას გააგრძელებს და შედეგებიც გვექნება,” – განაცხადა ილია მეორემ 16 დეკემბერს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საუბრისას პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ”საკმაოდ დიდი დელეგაცია” აპირებს საქართველოში ჩამოსვლას 24 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მისი თქმით, დელეგაციას უხელმძღვანელებს რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრი მიხეილ შვიდკოი. იგი ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში.
11 დეკემბერს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მისი ვიზიტის პოზიტიური იმპულსი და განაგრძოს დიალოგი რუსეთთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)