Site icon Civil.ge

აშშ-ს ”სამხრეთ ოსეთის გენოციდში” რუსული გამოძიება საეჭვოდ მიაჩნია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი არ განუხორციელებია, როგორც ამას რუსეთი აცხადებს.

რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა 23 დეკემბერს, რომ რუსულ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულება აქვს იმისა, რომ საქართველომ აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთში გენოციდი განახორციელა.

”გთხოვთ მაპატიოთ, თუ ცოტათი ეჭვი მეპარება არა მხოლოდ იმ პროცესში, რომელმაც ამ დასკვნამდე მიგვიყვანა, არამედ თავად დასკვნაში,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიგინფზე. 

”ეს [გენოციდი] არ მომხდარა,” – დასძინა მან.    

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია, რომ დანაშაულების ჩამდენები დაისაჯონ.

”ჩვენ გვყავს ხალხი, ვინც თვალყურს ადევნებდა და განაგრძობს თვალყურის დევნებას სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე იქ განხორციელებული სამხედრო ქმედებების შემდეგ. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება,” – განაცხადა შონ მაკკორმაკმა. ”ჩვენი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი რაიმეზე – რაიმე პოტენციურ დანაშაულზე, რაც ჩადენილ იქნა. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავინახოთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, პასუხს აგებს”.

ალექსანდრე ბასტრიკინმა გუშინ განაცხადა, რომ კომიტეტმა შეაგროვა სრული მონაცემები სამხრეთ ოსეთში მცხოვრები 162 ადამიანის შესახებ, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ. ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თავდაპირველად გახმოვანებულ მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც რეგიონზე თავდასხმის დროს 1,500-2,000 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი. ”მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ეს ქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის და ქართული არმიის ამგვარ ქმედებებს აგრესიის შეფასება მივცეთ, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის ხალხის, როგორც ეთნიკური ჯგუფის განადგურებისკენ,” – განაცხადა ბასტრიკინმა.

საქართველომ ამ ბრალდებას საბჭოური პროპაგანდა უწოდა რუსეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის გასამართლებლად.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)