Site icon Civil.ge

საქართველოს თქმით, რუსეთმა ”აღიარებითი ჩვენება” მისცა ომთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მედვედევის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებული განცხადება ”აღიარებითი ჩვენების” ტოლფასია.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა სამ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებისთვის ემზადებოდა, რადგანაც რუსეთი ეჭვობდა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდა.

”მან [მედვედევმა] ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა,” – განაცხადა ვაშაძემ 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც სპეციალურად მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით იქნა მოწვეული.

”ეს ფაქტი არის ნიშანდობლივი,” – განაგრძო მან. ”იმდენი მტკიცებულება ამოტივტივდა უკვე აგვისტოს ომის შემდეგ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო კომისიის მუშაობას აღარ დაელოდოს და უკვე დაიწყო თავისი პოზიციის შეცვლა”.

”რუსეთის პრეზიდენტის აღიარებითი ჩვენება არის ის ქვაკუთხედი, რაზეც საერთაშორისო კომისია შემდეგში ააგებს თავის მუშაობას და დაანახვებს მსოფლიოს, ვინ არის აგრესორი, ვინ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, და ვინ დაბომბა უმოწყალოდ ჩვენი ქალაქები, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა – ქართველების და ოსებიც – და ახლა აგრძელებს [საქართველოს ტერიტორიების] ოკუპაციას”.

”ამ განცხადების შემდეგ – როდესაც [პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა]: ჩვენ ვემზადებოდით ომისთვის – კიდევ უფრო საინტერესო ხდება, თუ რა შედეგები ექნება საერთაშორისო გამოძიებას. საქართველო მთლიანად ღია იქნება თანამშრომლობისთვის საერთაშორისო კომისიასთან და ჩვენ მათთვის ყველა დოკუმენტს ხელმისაწვდომს გავხდით,” – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე განაცხადა,რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ დაადასტურა, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც გეგმავს სამხედრო ინტერვენციას მეზობელი ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე; ეს არის სახელმწიფო, რომელიც გეგმავდა სამხედრო ინტერვენციას საქართველოში და ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არაფრად მიაჩნია საერთაშორისო სამართალი.

ვაშაძემ ასევე უარყო რუსეთის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო ომისთვის ემზადებოდა. მისი თქმით, ”მთავრობის თითქმის ყველა წევრი შვებულებაში იმყოფებოდა” იმ დროს და პრეზიდენტი სააკაშვილში პეკინში გამგზავრებას გეგმავდა 7 აგვისტოს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე დასასწრებად.

პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე განაცხადა 24 დეკემბერს, რომ იგი მას შემდეგ დაეჭვდა იმაში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ”ძალისმიერ ქმედებებს” გეგმავდა, რაც მან რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები შეწყვიტა.

”ეს სრული სიცრუა,” – განაცხადა ვაშაძემ, თან იქვე დასძინა, რომ ქართული მხარე მუდმივად ცდილობდა რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზებას, რადგანაც ის ცდილობდა მზარდი დაძაბულობის განმუხტვას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)