Site icon Civil.ge

ბურჯანაძე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა,რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

”ფაქტიურად დღეს საქართველოს ჰყავს ავტოკრატიული ხელისუფლება; ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია,” – განაცხადა მან 24 დეკემბერს გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას.

ნოემბერში, როდესაც ბურჯანაძემ პარტია დააფუძნა, მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მან არ დააკონკრეტა საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა, თუ საპარლამენტოს, ან თუნდაც ორივეს.

იგივე გადაცემაში, ბურჯანაძემ ისევ დაადანაშაულა საქართველოს ხელმძღვანელობა იმაში, რომ ვერ შეძლო აგვისტოს ომის თავიდან აცილება და განაცხადა, რომ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია იყო საქართველოს ხელისუფლებაში ”ცხელი თავების” უზარმაზარი შეცდომის შედეგი.

მან ასევე განაცხადა,რომ სანამ ის ხელისუფლებაში იყო, იგი მაქსიმალურად ცდილობდა,რომ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულიყო.

”ნამდვილად არის ჩემი დამსახურება ის, რომ რამდენჯერმე სისხლისღვრამდე და საომარ მოქმედებამდე არ მივიდა საქმე…. ეს იყო რევოლუციის დროს ბათუმში [2004წელს], იგივე კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით [2006 წლის ზაფხულში], ეს იყო იგივე აპრილში, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით საომარი მოქმედებების დაწყებასთან აფხაზეთში,” – დააკონკრეტა მან. 

”მე უბრალოდ არ მაქვს არანაირი სურვილი – მიუხედავად იმის, რომ ოპოზიციაში ვარ – რომ ამ რთულ ვითარებაში ვილაპარაკო ყველაფერი ის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ჩემი ქვეყნის ინტერესები და არა ხელისუფლების. იგივე აპრილში ჩვენ ვიყავით ძალიან  სერიოზული კრიზისის წინაშე და იგივე აპრილში მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ძალიან სერიოზულ კითხვებს უსვამდა ხელისუფლებას სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, მე მიყავი დარწმუნებული აბსოლუტურად, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება საომარ მოქმედებებში ჩაერეოდა, რუსეთი აუცილებლად იმოქმედებდა, რუსეთი აუცილებლად გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა და აუცილებლად დაამარცხებდა, უმძიმეს დამარცხებას განაცდევინებდა ჩვენს არმიას. სამწუხაროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად მიმტკიცებდნენ საწინააღმდეგოს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

”არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი ღია სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. ეს იყო უდიდესი შეცდომა ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ ეს იყო შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ცხელი თავების მქონე ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ პრაქტიკულად ამ ომს წარმატებულად დაამთავრებდნენ.,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)