Site icon Civil.ge

სააკაშვილი ომზე, ეკონომიკასა და დემოკრატიაზე საუბრობს

საქართველომ, რომელმაც განვლო ”იმპერიალიზმის” აგრესია, აღმოჩნდა გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების წინაშე და ჩააბარა დემოკრატიის ტესტი 2008 წელს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ახალი წლის მიმართვაში ერისადმი.

წინასწარ ჩაწერილი მიმართვა, რომელიც დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, საქართველოს ტელევიზიებმა ახალი წლის დადგომამდე, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ტრადიციული საახალწლო მილოცვის წინ გადასცეს. პრეზიდენტის მიმართვა 30 დეკემბერს ქუთაისის ერთ-ერთი ახლად განახლებული უბნის ფონზე ჩაიწერა.

’ჩვენი ბრძოლა გრძელდება’

”მსოფლიო აღმოჩნდა სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ზომით ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ყველაზე აგრესიული ფორმებით დაარღვია მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, საკუთარი სურვილისამებრ, ძალის გამოყენებით ევროპის პოლიტიკური საზღვრების გადახედვას და კორექტირებას შეეცადა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, 2008 წელი გამოირჩეოდა არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების დაპირისპირებით, არამედ იდეოლოგიური ბრძოლითაც.

სააკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის წარმმართველი ფასეულობებია ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია, რუსეთი საპირისპირო პრინციპებით ხელმძღვანელობს.

”ჩვენი მეზობლის, ყოფილი ზესახელმწიფოს სათავეში იმყოფება ძალა, რომელმაც ღიად დაიწყო ცივილიზებული კაცობრიობის მიერ შექმნილი ამ ფასეულობების წინააღმდეგ გალაშქრება,”- განაცხადა მან, ”მან განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა იყოფოდეს იმპერიებად და მათ გავლენის სფეროებად; რომ ხალხის მართვა უნდა ხდებოდეს ერთპიროვნული დიქტატურის და ძალადობრივი კონტროლის პირობებში; რომ პატარა სახელმწიფოებს არ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი არჩევანის უფლება”.

მისი თქმით, ”სამწუხაროდ, 2008 წელს ამ დაპირისპირების ეპიცენტრში საქართველო აღმოჩნდა ჩვენი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ”.

”საქართველო იქცა იმპერიალიზმისა და წარსულის იდეოლოგიის ძალადობრივი თავდასხმის პირველ ობიექტად. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი არჩევანის სიმბოლო, დემოკრატიული რეფორმებისა და ცივილიზებული მსოფლმხედველობის, მოკლე დროში მიღწეული არნახული წარმატების მაგალითია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ტირანია,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს დაატოვებინეს თავიანთი სახლები  ”არაადამიანური ეთნიკური წმენდის შედეგად”, მოკლეს 166 ქართველი ჯარისკაცი, 16 პოლიციელი და 220 მშვიდობიანი მოქალაქე. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოზე შეტევა 7 სხვადასხვა მიმართულებიდან განახორციელა 80 ათასიანმა რუსულმა არმიამ, ათასობით საბრძოლო ტექნიკის ერთეულით და 200-ზე მეტი ბომბდამშენით.

”განხორციელდა წინასწარ კარგად დაგეგმილი, ტოტალური აგრესია მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის აღებითა და მარიონეტული ხელისუფლების დასმის საბოლოო მიზნით,”- აღნიშნა მან.

მიუხედავად ფართომასშტაბიანი აგრესიისა, მისი თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ მისი დაჩოქება შეუძლებელია.

”ომი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, არ იყო ჩვენი არჩევანი,” – განაცხადა მან, ”ჩვენი ზოგიერთი მეგობარი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა მოეთმინა იმპერიის ინტერვენცია და ხელი არ გაენძრია საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. არ მინდა ვინმესთან პოლემიკაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ამის უფლება, უბრალოდ, არ მქონდა. საქართველოს მთელი ისტორია არის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ეს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო, თავგანწირული და ძალიან ხშირად – უიმედო. ჩვენ არასდროს არ დაგვითმია თავისუფლება და ღირსება და სწორედ იმიტომ, რომ არ დაგვითმია, სწორედ იმიტომ, რომ არასდროს არ დავნებდით, დღემდე შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა”.

”ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს წმიდათაწმიდა მიწას,”- აღნიშნა მან.

’საქართველო უფრო ახლოსაა ნატოს წევრობასთან’

”მიუხედავად მოწინააღმდეგის დიდი მცდელობისა, დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოს წევრობასთან, ვიდრე იყო ინტერვენციის დაწყებამდე. მთელი ევროატლანტიკური ალიანსი დღეს ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ადრე ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო,”- განაცხადა სააკაშვილმა.

’სტრატეგიული მოკავშირეობა შეერთებულ შტატებთან’

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”რამდენიმე დღეში” საქართველო გააფორმებს  ორმხრივ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ.

”ქარტიის ხელმოწერით სრულიად ახალი ეპოქა იწყება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობაში,”- განაცხადა მან, ”საქართველო აქამდე არასოდეს ყოფილა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს თანასწორუფლებიანი სტრატეგიული მოკავშირე. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ვერ გაანეიტრალებს მოკლევადიანი გათვლით არსებულ ყველა საფრთხეს, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით, სრულიად სხვა ხარისხის ქვეყნად აქცევს საქართველოს”.

”ამ ქარტიით გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქიდან საბოლოოდ გამოვდივართ, უმცროსი ძმისა და ვასალის ეპოქას საბოლოოდ ვემშვიდობებით,”- აღნიშნა მან.

’გპირდებით, რომ საქართველო გადალახავს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელი რთული იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დარტყმა მიაყენა საქართველოსაც.

”დროებით, მაგრამ მაინც იკარგება სამუშაო ადგილები. ხალხი მძიმე მდგომარეობაშია, უამრავი ოჯახი ებრძვის უმუშევრობასა და სიღარიბეს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც სახეზეა მკვეთრი ეკონომიკურ რეცესია, შენელება, მაგრამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ ვახერხებთ საქართველოს დაცვას ეკონომიკური კრიზისისაგან. ქართული ეკონომიკა არ შესულა იმ მდგომარეობაში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი ჰქვია”.

მისი თქმით, შენარჩუნებულია ფინანსური სისტემების სტაბილურობა, ლარის კურსი და ასევე კონტროლს ექვემდებარება ინფლაცია, რაც ”არ აღემატება წლიურად 6%”.

ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, სააკაშვილის განცხადებით, მთავრობამ გაზარდა სოციალური ხარჯები და შეამცირა გადასახადები.

”ვიდრე მსოფლიო კრიზისი მძვინვარებს, არც მე და არც რომელიმე მთავრობის წევრს, არ გააჩნია სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ამოცანა და პასუხისმგებლობა, ვიდრე ის, რომ ქართულმა ეკონომიკამ გაუძლოს ამ დიდ ეკონომიკურ შტორმს,”- განაგრძო მან, ”მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პასუხისმგებელი ვარ თქვენს წინაშე, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოს დაცვას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან… მთელი მთავრობის და საკუთარი სახელით გპირდებით, რომ საქართველო გადალახავს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს და აუცილებლად დავუბრუნდებით ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის ზრდის ძველ მაჩვენებლებს”.

’დღეს საქართველოში უფრო ძლიერია დემოკრატია’

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელი იყო ასევე დიდი გამოცდა ქართული დემოკრატიისათვის, როცა ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა  – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ასევე აჭარის ადგილობრივი არჩევნები.

”ჩვენი ძალისხმევით, დღეს საქართველოში უფრო ძლიერია დემოკრატია, ვიდრე იყო ერთი წლის წინათ. დღეს ოპოზიცია და ხელისუფლება უფრო მეტად თანამშრომლობს ერთმანეთთან, რადგან ეს თანამშრომლობა სჭირდება ჩვენი ხალხის უკეთეს ხვალინდელ დღეს. უფრო მეტია პლურალიზმი,”- განაცხადა მან, ”ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)