პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს მშვიდობა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე დასწრების შემდეგ, 7 იანვარს სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”პარტიარქმა ილაპარაკა ორ მნიშვნელოვან მომენტზე. ერთი – საქართველოს, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური დებულება, რომელიც რეალურად არის ჩვენი არა მხოლოდ საერო, არამედ ზოგად ეროვნული პოლიტიკის მთავარი საფუძველი”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში განაცხადა, რომ ქართველი ერი მშვიდობისმოყვარეა და საქართველოს ყველასთან მშვიდობა სურს, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე.
”მეორე, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ პატრიარქმა ილაპარაკა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე და მის ზეგავლენაზე საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში გლობალურ კრიზისთან დაკავშირებული ”სიძნელეებია”.
”ჩვენ არა გვაქვს მსოფლიო კრიზისი, არ არის აქ შემოსული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სრული ძალით არც შემოვიდეს,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა მთელი ევროპა გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მოსახლეობა მარაგდება გაზით და ელექტროენერგიით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)