გარდაბნის რაიონში 1000 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო საქართველომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი დღეს დილიდან შეწყვიტა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
”მაგისტრალზე არის დაზიანება, შესაბამისად, გაზის გაჟონვა არის საკმაოდ დიდი. ამიტომ დღეს დილას სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შევწყვიტეთ თავიდან ბოლომდე,”- განაცხადა ხეთაგურმა, ”წინასწარი შეფასებით, აღდგენით სამუშაოებს დასჭირდება ხუთი დღე და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ტრანზიტი აღარ განხორციელდება”.
სამინისტროს ცნობით სეზონურად გაზის გაზრდილი მოხმარების გამო მილსადენში წნევის მატებამ კოროზირებულ ადგილებში გაზის გაჟონვა გამოიწვია. მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმირებული არიან როგორც სომხური, ისე რუსული მხარეები.
მინისტრის თქმით, საქართველოს გაზმომარაგებას მომხდარი ავარიის გამო პრობლემები არ შეექმნება.
”საქართველოს მომხმარებელს არანაირი პრობლემა არ შეექმნება გაზმომარაგებაში, გამომდინარე იქიდან, რომ 100%-ით საქართველო მარაგდებოდა და მომავალშიც მომარაგდება აზერბაიჯანიდან,”- განაცხადა ხეთაგურმა.
საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ტრანსპორტირებული რუსული აირის 10%-ს იღებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)