Site icon Civil.ge

სააკაშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ”მწყობრში” ჩადგომას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ”ანერვიულებული” რუსეთი დაწყნარდება მას შემდეგ, რაც გრიგოლ მგალობლიშვილი ჩვეულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა

”მე მინდა მივესალმო გეგას მწყობრში დაბრუნებას,”- განაცხადა მან 13 იანვარს პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, ”ნერვიულობა გამოიწვია – ჩვენში ადამიანურად გასაგებია – მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, მაგრამ რუსეთში… მე ვფიქრობ, ახლა ალბათ რუსეთი დაწყნარდება და გადაერთება სხვა უფრო გლობალურ საკითხებზე მათი პოლიტიკის”.

ეს იყო პირველი საჯარო შეხვედრა პრეზიდენტსა და პრემიერ შორის მას შემდეგ, რაც მგალობლიშვილი გერმანიიდან დაბრუნდა. მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით მგალობლიშვილი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის გაემგზავრა. თუმცა პრესაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დატოვა საქართველო და ის თანამდებობიდან წასვლასაც აპირებდა.

12 იანვარს მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წუხს იმ აჟიოტაჟის გამო, რომელიც მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია. მისი თქმით, რუსულ პრესაში ”მითქმა-მოთქმა” მას თავიდან სასაცილოდ მოეჩვენა, თუმცა ქართულ მედიაში ამ თემის წამოწევა მისთვის ნამდვილად აღარ იყო ”სასაცილო”.  მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობა განაგრძობს მუშაობას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

დღეს პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით უახლოეს ორ თვეში დაიწყება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგზაო დეპარტამენტის უფროსი რამაზ ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)