გაერთიანებული ოპოზიცია დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომის მოთხოვნით ერთიანი საპროტესტო მოძრაობის დაწყებისაკენ.
ამის შესახებ საუბარია 13 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებულ ოპოზიციაში დარჩენილი სუბიექტები – ლევან გაჩეჩილაძე, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ხალხის პარტია – აწერენ ხელს.
”როგორც ხელისუფლების არაადეკვატური პოლიტიკა და განცხადებები ცხადყოფს საქართველოში თავისუფალი არჩევნების დანიშვნა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში არარეალურია, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად რჩება საპროტესტო აქციების გზით მიხეილ სააკაშვილის გადაყენება და ამის შემდეგ თავისუფალი არჩევნების ჩატარება,”- ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზით უნდა იქნეს მიღწეული ვადამდელი არჩევნების ჩატარება – ეს მოთხოვნა აგვისტოს ომის შემდეგ ოპოზიციური ძალების უმეტესობამ დააყენა.
”ჩვენ ვაუქმებთ ყველა გამაფრთხილებელ, ერთჯერად აქციას და მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს უმოკლეს ვადაში დავასრულოთ კონსულტაციები ერთიანობის აღდგენისა და ერთიანი საპროტესტო მოძრაობის დასაწყებად მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომის მოთხოვნით,”- ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ოპოზიცია ნოემბერში გამოცხადებული გეგმის მიხედვით, საპროტესტო აქციების გამართვას 25 იანვარს და 9 აპრილს აპირებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)