ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ საქართველოს მაინც არ გააჩნია ბერკეტები, რათა სრულად აკონტროლოს ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რუსულ კომპანია ”ინტერ რაო”-სთან გარიგება მეტად ვეღარ გაართულებს არსებულ ვითარებას.
ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს, საიდანაც ყოველწლიურად აფხაზეთი 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგიას იღებს.
13 იანვარს ხეთაგურმა დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთმა გენერატორები რომც გამორთოს, ქართული მხარე ვერაფერს გააკეთებს; თუმცა, გარიგების შედეგად, განაგრძო მან, ქართულმა მხარემ მიიღო დამატებითი გარანტიები იმისა, რომ ეს არ მოხდება, რადგანაც რუსები თავად იქნებიან დაინტერესებულნი სადგურის გამართულად მუშაობაში. მისი თქმით, რუსული კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების გარანტი მისი ”სერიოზული აქტივებია” საქართველოში.
ხეთაგურმა ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლის დროსაც იგი ენგურჰესის გარიგების გამო საპარლამენტო უმცირებოსის კრიტიკის სამიზნე გახდა.
”ინტერ რაოს” აქტივები საქართველოში მოიცავს 75%-იან წილს თელასში, ასევე ორ თბოელექტროსადგურს – მე-9 და მე-10 ბლოკებს (ეს უკანასკნელი არ ფუნქციონირებს). ”ინტერ რაოს” ასევე გააჩნია ორი ჰიდროელექტროსადგურის ”ხრამი 1” და ”ხრამი 2”-ის მართვის უფლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)