Human Rights Watch-მა განაცხადა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომ აგვისტოს ომის დროს ადგილი ჰქონდა ყველა მხარის მიერ ”ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებს”.
მოხსენებაში, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას ეხება, ნათქვამია, რომ რუსეთმაც და საქართველომაც გამოიყენეს კასეტური ბომბები ერთმანეთის წინააღმდეგ, მათ შორის დასახლებულ ადგილებში.
საქართველოსთან მიმართებაში მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართულმა ძალებმა ”განურჩეველი ძალა” გამოიყენეს ”გრადის” სარაკეტო სისტემების მეშვეობით – ეს ის იარაღია, რომლის ”გამოყენებაც არ შეიძლება დასახლებულ ადგილებში”.
”ქართველმა სამხედროებმა ტანკებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალის შენობებს, მათ შორის საცხოვრებელი სახლებს, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს,” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ასევე დასძენს, რომ ”სამხრეთ ოსურმა ძალებმა ქართულ ძალებს ცეცხლი სულ ცოტა რამდენიმე ასეთი შენობიდან გაუხსნეს”.
რაც შეეხება რუსეთს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას მოყვა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება.
”რუსეთმა ასევე განახორციელა განურჩეველი სარაკეტო თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე, რასაც მსხვერპლი მოყვა,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”რუსულმა ძალებმა საქართველოში ვერ შეძლეს მოსახლეობის დაცვა იმ რაიონებში, რომელთაც ისინი აკონტროლებენ და ხელი შეუშალეს საქართველოს ხელისუფლებას იქ საპოლიციო კონტროლი განეხორციელებინა, რამაც უსაფრთოების ვაკუუმი შექმნა. ოსი შეიარაღებული პირები და კრიმინალური დაჯგუფებები ძარცვავდნენ და წვავდნენ სახლები, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ცემდნენ და ემუქრებოდნენ მოსახლეობას ამ რაიონებში”.
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა მოვლენების მიმოხილვისას, მოხსენება ამბობს, რომ მედია გარემო საქართველოში ”კვლავ არაერთგვაროვანი რჩება, ქმედითი ბეჭდვითი მედიით და უკიდურესად შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით, რაც სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის შედეგია”.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ ”უარი განაცხადა დაეწყო ყოვლისმომცველი გამოძიება” 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევისას გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოხსენება აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალის შესაძლო გამოყენების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის გამოძიება დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)