Site icon Civil.ge

”იტერა-საქართველომ” ცხინვალის გაზმომარაგების ნებართვა მიიღო

”ევროკავშირისა და ეუთოს თხოვნის საფუძველზე” საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა კომპანია საქართველოს გაზის გამანაწილებელი კომპანია "იტერა-საქართველოს" თხოვნა და  მას სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზის მიწოდების უფლება მისცა, განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ 22 იანვარს.

სამინისტრო ცნობით, ქართული მხარის მიერ აღდგენილია მაგისტრალური გაზსადენის ცხინვალის განშტოება და ამჟამად, "იტერა-საქართველო"  მოლაპარაკებებს აწარმოებს "გაზპრომთან", რათა ”რეგიონისთვის მისაწოდებელი საჭირო გაზის მოცულობა რუსეთიდან შემოიტანოს”.

სამინისტროს ცნობით, ნებართვის გაცემის შესახებ განკარგულებას 20 იანვარს მოეწერა ხელი.

აღნიშნული ნებართვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სავალდებულო იყო ”იტერა საქართველოსთვის”, რათა მას აღედგინა გაზის მიწოდება ცხინვალისთვის. 

რეგიონის გაზმომარაგება აგვისტოს ომის დროს გაზსადენის დაზიანების გამო შეწყდა. გაზსადენი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს, სოფელ დირბთან დაზიანდა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კორპორაციამ გაზსადენის შეკეთება 15 იანვარს დაიწყო და უკვე 16 იანვარს მისი შეკეთება დაასრულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)