Site icon Civil.ge

ნატო რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტების განახლებას გეგმავს

ნატოს განცხადებით, ორგანიზაცია განაახლებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან იმ  კონტაქტებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ გაიყინა, იტყობინებიან Reuters და Associated Press-ი.

ნატოს 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები 26 იანვარს ბრიუსელში რუსეთის ელჩს ნატოში დიმიტრი როგოზინს შეხვდნენ. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ორსაათიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე, კერძოდ ავღანეთზე.

”ელჩების მხრიდან არ ჰქონია ადგილი ურთიერთბრალდებებს და ისინი ელიან მომდევნო ნაბიჯს, რომელიც უკავშირდება [ნატოს] გენერალური მდივნის ურთიერთობას პოლიტიკურ დონეზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან მომდევნი კვირებში,” – იტყობინება Reuters-ი აპატურაის სიტყვებზე დაყრდნობით.

”შედგა ძალიან პოზიტიური განხილვა, ძალიან პოზიტიური სულისკვეთებით, ყოველგვარი ურთიერთბრალდებების ან წარსულ უთანხმოებებში ჩაღრმავების გარეშე,” – იტყობინება Associated Press-ი აპატურაის სიტყვებზე დაყრდნობით.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 19 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომისადმი მიძღვნილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭო არ შედგება, თუ რუსეთი გააგრძელებდა ქართული ტერიტორიების ”ოკუპაციას”. მაშინ რუსულ ძალებს საქართველოს შიგნით არსებული ტერიტორიებიც ჰქონდათ ოკუპირებული. დეკემბერში კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს თანდათან განეახლებინათ არაფორმალური კონტაქტები რუსეთთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)