Site icon Civil.ge

სააკაშვილი: სტაბილურობის შესანარჩუნებლად მთავრობა უკან არ დაიხევს

საქართველოს მთავრობა ზოგიერთების ”კაპრიზების” გამო უკან არ დაიხევს პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამ პასუხისმგებლობას არსებული საპრეზიდენტო ვადის – 2013 წლის – ბოლომდე ”გაიტანს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 იანვარს.

”თუ ვინმეს ჰგონია, რომ საკუთარი ამბიციების გამო, საკუთარი კაპრიზების გამო, ჩვენ მათ გადავაყოლებთ საქართველოს და საქართველოში რამეს ავრევთ იმის გამო, რომ მათ უნდათ თავისი ამბიცია დაიკმაყოფილონ, ნურას უკაცრავად,”- განაცხადა მან, ”არასოდეს ეს მთავრობა უკან არ დაიხევს პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველანაირ დემოკრატიის ფარგლებში არსებულ ღონისძიებაზე და ზომაზე იმისათვის, რომ საქართველოში არავის არ ჰქონდეს შიში რა მოხდება თებერვალში, მარტში… შემდეგი სამი, ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში”.

”მე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ სტაბილურობას, არა მხოლოდ შევასრულებთ კონსტიტუციით დაკისრებულ ყველა მოვალეობას, არა მხოლოდ დავიცავთ ყველა კანონით აუცილებელ ნორმას, არამედ ჩვენ დავიცავთ ყველანაირი შიდა და გარე რყევებისაგან საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ ძალიან გადამწყვეტ მოქმედებებს გავატარებთ იმისათვის, რომ არავის აზრადაც არ მოუვიდეს საქართველოს შიგნიდან ან გარედან რყევა და ჩვენ აუცილებლად, თქვენთან ერთად, გადავარჩენთ საქართველოს მსოფლიო კრიზისის ყველაზე უფრო რთულ და დამანგრეველ ასპექტებს,”- აღნიშნა პრეზიდენტმა ბათუმში,  TBC ბანკის ახალი ფილიალის გახსნის ცერემონიაზე.

მისი თქმით, სტაბილურობის შენარჩუნების გარდა, სახელმწიფოს მთავარი როლია ითანამშრომლოს ბიზნესთან და მოახერხოს სოციალური ფონის მაქსიმალურად ”დაჭერა” ბიუჯეტის დაბალანსების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ მოახერხა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურად შენარჩუნება.

”როცა ბიუჯეტს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, როცა მშენებლობები გაჩერებულია, როცა საბანკო სექტორი პრაქტიკულად თავის შესაძლებლობების მინიმუმზე მუშაობს მთავარი საფრთხე დღეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა, ხელების ჩამოშვება და წუწუნი,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ”ეკონომიკური შენელება”, საქართველოში ”ჯერ არ არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შემოსული სრული მასშტაბით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის ზემოქმედება ქართულ ეკონომიკაზე იყოს მინიმალური”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)