Site icon Civil.ge

მოსკოვის და თბილისის დავა რუს ჯარისკაცზე გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისმა აცნობა შვეიცარიის საელჩოს, რომელიც საქართველოში მოსკოვის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს, გამოიკვლიოს სიტუაცია რუს ჯარისკაცთან დაკავშირებით, რომელმაც, თბილისის განცხადებით, მიატოვა რუსული საჯარისო ნაწილი და საქართველოში ითხოვა თავშესაფარი.

”მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება რუსეთში, თუ ჩვენ მას გადავცემთ,” – განაცხადა ვაშაძემ. ”მას დაალპობენ რუსულ ციხეში”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე გლუხოვი, რომელიც ახალგორის რაიონში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილში მსახურობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ გლუხოვი აიძულეს სატელევიზიო მიმართვა გაეკეთებინა თავშესაფართან დაკავშირებით.  

”აქ ვაპირებ ცხოვრებას გარკვეული პერიოდით. ახლა ველაპარაკე დედაჩემს და დავამშვიდე ის,” – განუცხადა 21 წლის ალექსანდრე გლუხოვმა ”როიტერს” 27 იანვარს მაკდონალდსის რესტორანში. ”როიტერის” ინფორმაციით, იქვე იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

”მე ჩემი ნებით გადმოვედი ქართულ მხარეს პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად, რადგანაც ჩემი ბატალიონის მეთაურებთან პრობლემები მქონდა,” – დასძინა მან.
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)