საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიები 29 იანვარს ხელს მოაწერეს დეკლარაციას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნებით.
ამ სამ პრინციპზე 15 იანვრის მდგომარეობით 12 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა: ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელების ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია – კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, საქართველოს გზა, ქალთა პარტია, ტრადიციონალისტები, მწვანეთა პარტია და მრეწველები.
”დოკუმენტი ღიაა და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისი ხელმოწერით თავისი პოზიცია დააფიქსიროს,” – განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.
მისი თქმით, პოლიტიკურ ძალთა საერთო რაოდენობა, რომელიც დეკლარაციას შეუერთდება, 29 იანვარს გაირკვევა.
დეკლარაციის მოთხოვნებს, სავარაუდოდ, არ შეუერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)