Site icon Civil.ge

სააკაშვილი უახლოეს გეგმებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა ბრძოლა უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

”ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ბრძოლის მოგება ჩვენი ერთიანობის, პოლიტიკური სტაბილურობის, ჩვენი მოთმინების პირობებში,”- განაცხადა მან.

დღეს უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით ქმედებებს.

”ვიმუშავებთ პარლამენტში ოპოზიციასთან პარლამენტის როლის გასაზრდელად, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და უფრო ღია, მრავალფეროვანი და საინტერესო მედიის არსებობისთვის,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ხელისუფლება იწყებს ახალი ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებას, რომელზეც 2.2 მლრდ ლარის ოდენობით საბიუჯეტო ხარჯებია გათვალისწინებული და პირველ ეტაპზე 25 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა მოსალოდნელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატმა ”უნდა შემოიჭიროს” ქამრები და მინიმუმ 10%-ით შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები.

”ჩვენ უნდა განვაახლოთ ანტიკორუფციული საქმიანობა მთელი მასშტაბით,  ვინაიდან კიდევ არის რეზერვები ამ კუთხით სახელმწიფო აპარატის შიგნით,”- განაცხადა მან, ”თქვენ ნახავდით ტელევიზიითაც ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ სერიოზულ ძალისხმევას და მუშაობას”.

მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა კორუფციის ბრალდებით რამდენიმე სახელმწიფო მოხელის ბოლო დროინდელი დაპატიმრებები.

”ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს,” – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)