Site icon Civil.ge

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

4 თებერვალს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს. დელეგაციაში იქნებიან თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

დაგეგმილია ქართული დელეგაციის პირისპირ შეხვედრა  ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან.

ნატო-საქართველოს კომისია 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა, აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტის დროს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)