მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ბელორუსია გარკვეული ”წნეხის ქვეშ” იმყოფება, თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალური მინსკი თავს შეიკავებს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისგან.
”ჩვენ გვესმის თუ რაოდენ დიდი წნეხის ქვეშ არის ბელორუსის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 2 თებერვალს, ”ქართული მხარე შეშფოთებით უყურებს ასეთ სიტუაციას [სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესაძლებლობას]… ეს ჩაითვლება როგორც არამეგობრული ქმედება ბელორუსის მხრიდან, თუმცა ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბელორუსის მხარეს ეყოფა ერთგვარი გამბედაობაც და ობიექტურობის და სამართლიანობის გრძნობა და იგი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა ბელორუსის პარლამენტში აპრილისთვის იგეგმება.
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს აღიარების თხოვნით სექტემბერში მას შემდეგ მიმართეს, რაც რუსეთმა და მოგვიანებით, ნიკარაგუამ მათი დამოუკიდებლობა ცნო. ანალოგიური ნაბიჯისგან იმ ეტაპზე თავი შეიკავეს, თუმცა ბელარუსმა და ვენესუელამ საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიმართ.
იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზური საინფორმაციო საშუალება ”აფსნისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი სამინისტროს ვებ-გვერდზე 1 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა.
”რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ჩვენი პარტნიორები წავიდნენ ამ ნაბიჯზე – და ეს მათთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ მათზე ზეწოლა ჩვენ არ შეგვიძლია და არც გავაკეთებთ,”- განაცხადა ლავროვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)