პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ კრემლმა უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლებების შეცვლის გეგმის განხორციელება დაიწყო და ამ მიზნების მიღწევას ივლისამდე შეეცდება.
”უკრაინის რეგიონების პარტიის ხელმძღვანელმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ იგი გამოდის ყველა სხვა პროცესიდან და იწყებს მოქმედებას არსებული პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად და მისაღწევად ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისა,”- განაცხადა თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ დაიწყო განხორციელების მცდელობა უკრაინის სახელმწიფოებრიობის დამხობის რუსული გეგმისა. არსებობს ვადა მოთხოვნილი კრემლისგან, როდესაც უნდა დამთავრდეს პროცესი – ეს არის არაუგვიანეს ივლისის თვის დასაწყისისა”.
”ჩათვალეთ, რომ იგივე ვადები და იგივე მოთხოვნები ვრცელდება საქართველოზეც,”- აღნიშნა მან.
საქართველოს ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ამის შემდეგ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით გამოდის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)