საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებასა და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ისაუბრეს დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა.
ცოტა ხნის წინ მორელი ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის მომზადების მიზნით, რომელიც 17-18 თებერვალს იგეგმება, მოსკოვს სტუმრობდა. მან ქართულ მხარესთან დღევანდელ მოლაპარაკებებს ”პროდუქტული” უწოდა.
”ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გაიმართოს პლენარული შეხვედრა, რომლის ჩაშლასაც უკვე ტრადიციულად ცდილობს რუსული მხარე,”- განუცხადა თემურ იაკობაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, ”ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების დაწყება, ოღონდ ეს დაბრუნება უნდა იყოს უსაფრთხო”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)