საქართველოს მოქალაქე, რომელიც 7 თებერვალს იქნა გატაცებული, თავისუფალია და გატაცებაში ოთხი ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავების ”სპეცოპერაციის შედეგად”, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი გასიევმა.
საქართველოს შსს-მ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში განაცხადა, რომ ფეხბურთის მსაჯი, მალხაზ ბეუქლიშვილი ”ქართული მხარის ჩარევის შედეგად, გათავისუფლებულ იქნა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე”.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში გასიევმა ასევე აღნიშნა, რომ ბეუქლიშვილი ცხინვალის მილიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ გადაეცემოდა ქართულ მხარეს. მან ასევე განაცხადა, რომ ბეუქლიშვილი თავს კარგად გრძნობდა და ის ესაუბრა ტელეფონით ახლობლებს.
8 თებერვალს ბეუქლიშვილი მართლაც გადმოეცა ქართულ მხარეს.
”გაცატება იყო წმინდა კრიმინალური აქტი და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გამტაცებლები ითხოვდნენ გამოსასყიდს,”- განაცხადა გასიევმა. ქართული მედიის ცნობით, გამოსასყიდის სახით 50 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს.
საქართველოს შსს-მ განაცხადა შაბათს, რომ დილით ”რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსულმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად თბილისი-გორის საავტომობილო გზაზე, სოფელ ორჭოსანის გადასახვევთან გაიტაცეს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანა ‘’მერსედესი’’. მათ მანქანიდან ჩამოსვეს სამი მგზავრი და მალხაზ ბეუქლიშვილთან ერთად ავტომანქანა წაიყვანეს სოფელ ორჭოსანის მიმართულებით”.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ გატაცებულის დახსნა იყო ქართველი სამართალდამცავების კარგი მუშაობის შედეგი; თუმცა მან სხვა დეტალები არ გაახმოვანა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)