პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაარწმუნა იგი, რომ ვაშინგტონი კვლავ განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.
სააკაშვილის და ბაიდენის შეხვედრა 8 თებერვალს მიუნჰენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 7 თებერვალს კონფერენციაზე გამოსვლისას ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან სამ ძირითად პრინციპზე გაამახვილა ყურადღება.
”მან განაცხადა, რომ აშშ არასდროს აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს… მისი თქმით, აშშ არ აღიარებს გავლენის სფეროებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო აღარ დაუბრუნდება თავის ძველ გავლენის სფეროს, როგორც ჩვენი არაკეთილმოსურნე ისურვებს; არ დაუშვებს ამერიკა რომ ვინმემ ვინმეს აუკრძალოს რომელიმე ალიანსში შესვლა და აქ, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივად იგულისხმება ნატო”.
მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა: ”შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ ვცნობს გავლენის სფეროებს. ჩვენ დავრჩებით შეხედულებაზე, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და აირჩიონ მოკავშირეები”.
ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა უთხრა ქართველ ჟურნალისტებს მიუნჰენში, რომ ”ყოველივე ეს ჩვენი საუბრისას დადასტურდა”.
პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დასმულ კითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ბაიდენმა განაცხადა, როგორც ამის შესახებ ”როიტერი” იუწყება: ”მე მხარს ვუჭერ საქართველოს შემდგომ დამოუკიდებლობას და ავტონომიას. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია”.
”როიტერის” ვარაუდით, ბაიდენის ამგვარი კომენტარი იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია, მისი წინამორბედისგან გასნხვავებით, ”საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერისას ნაკლებად აგრესიული იქნება.”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს მიუნჰენში, რომ მას და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ”ძალიან კონკრეტული” საუბარი ჰქონდათ.
”აშშ გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური კრიზისის დროს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დაბალანსების თვალსაზრისით – ამაზე მტკიცე გარანტია მივიღეთ. ასევე სრულიად ნათელია, რომ ყველა მოლაპარაკებისას, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის გაიმართება, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”რუსეთი ეუბნება დანარჩენ მსოფლიოს – მოდით ვილაპარაკოთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ დამიტოვეთ ლუკმა პირში; ჩემი ლუკმაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და მოდით გავიყოთ გავლენის სფეროები; ეს ჩემი იქნება და მოდით ვილაპარაკოთ ყველა დანარჩენზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის პოზიცია ამ საკითხზე სავსებით ნათელია – ეს აბსოლუტურად მიუღებელია,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
”მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში აზრთა სხვადასხვაობაა და დღევანდელი კრიზისის პირობებში ევროპა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა, ევროკავშირსა და ნატოს პოზიცია არის ცალსახა – ევროპა არასდროს არ დაუშვებს კომპრომისს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არავინ არ დაუშვებს საბჭოთა კავშირის აღდგენას და საქართველოს დაბრუნებას ძველი გავლენის სფეროში. ამის მცდელობა, ძალიან ძვირად დაუჯდება ნებისმიერს,” – დასძინა სააკაშვილმა.
მიუნჰენის კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს და ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)