Site icon Civil.ge

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ნატო-საქართველოს და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

აშშ მხარს უჭერს ნატოს ურთიერთობების გაძლიერებას საქართველოსთან იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ვუდს ჰკითხეს დაუჭერს თუ არა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მხარს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ისევე ძლიერად, როგორც ამას წინა ადმინისტრაცია აკეთებდა.

ვუდმა უპასუხა: ”ჩვენ სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ. მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში; ამრიგად, ეს [პოზიცია] არ შეცვლილა”.

”მაგრამ, წინასწარ არ მინდა ვთქვა ის, თუ საითკენ შეიძლება წავიდეთ, მოდით, დავტოვოთ ეს როგორც არის,” – დასძინა ვუდმა.

კითხვაზე უჭერს თუ არა მხარს ახალი ადმინისტრაცია წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) საქართველოსთვის და უკრაინისთვის ან მათ გაწევრიანებას ალიანსში, ვუდმა უპასუხა: ”თქვენ იცით [ნატოს ლიდერების მიერ 2008 წლის აპრილში მიღებული] ბუქარესტის დეკლარაციის შესახებ; სავსებით ნათელია, რომ ეს ორი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი”.

”რამდენადაც მე ვიცი, რაიმე ცვლილება არ ყოფილა [პოზიციაში ბუქარესტის სამიტის შემდეგ]. და როგორც მე უკვე ვთქვი, ახალი ადმინისტრაცია იმუშავებს ნატოს სხვა მოკავშირეებთან, რათა შეეცადოს და გააძლიეროს ურთიერთობები უკრაინასთან და საქართველოსთან ამ კომისიების ფარგლებში,” – დასძინა ვუდმა.

მან ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა გულისხმობდა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე რეალური პრობლემა და სირთულე” რუსეთთან ურთიერთობებში, ”ჩვენ წინ უნდა წავიდეთ”.

ბაიდენის გამოსვლამ კითხვები გააჩინა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ”სინანული” გამოითქვა რუსეთის გეგმებზე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების მშენებლობის თაობაზე. კერძოდ, კითხვები გაჩნდა განცხადების ტონთან დაკავშირებით – მასში გამოყენებული იყო სიტყვა ”სინანული”, ნაცვლად რაიმე უფრო მეტად დამგმობი შინაარსის მქონე სიტყვისა.

რობერტ ვუდს ჰკითხეს ნიშნავდა თუ არა ეს ფორმულირება იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს მიაჩუმოს პროტესტი რუსეთის გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. ვუდმა უპასუხა: ”მე არ მითქვამს, რომ ჩვენ რაიმეს ყურადღების მიღმა დავტოვებთ. მე ვთქვი, რომ ურთიერთობა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ წინ წავიდეთ”.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)