Site icon Civil.ge

ნათელაშვილი რუსეთზე, ოპოზიციონერ ლიდერებზე საუბრობს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა შეჩერდეს საქართველოს დაშლის პროცესი, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ.

13 თებერვალს ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” ერთობლივ გადაცემაში ”დღის კომენტარი” საუბრისას მან განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ახალ ”დეტონატორებს” ჯავახეთში, აჭარაში და ქვემო ქართლში.

”მე რუსები შემხვდნენ ავსტრიაში – ცნობილი [ალექსანდრე] დუგინი და თქვენი კოლეგა [ჟურნალისტი მაქსიმ] შევჩენკო – მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ თქვენ სააკაშვილის ძეგლი უნდა დადგათ წითელ მოედანზე… იცით რა მითხრეს? ჩვენ გვაწყობს, რომ იყოს სააკაშვილი იმიტომ, რომ გვექნება უამრავი მიზეზი, რომ გავაგრძელოთ თქვენი დაშლა  – ქვემო ქართლი, ბორჩალო, ჯავახეთი, აჭარა… ეს მუშაობა მიდის,”- განაცხადა ნათელაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპული ტურნედან.  

”სააკაშვილმა მიძინებული იმპერია წამოაყენა ფეხზე, ქურდად დასვა საერთაშორისო ურთიერთობებში და ამერიკის ერთპოლუსიან მმართველობას წერტილი დაუსვა,”- განაცხადა მან. 

მან გააკრიტიკა ხელისუფლება ტერიტორიების ”დე იურედ” დაკარგვის გამო და განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გეოპოლიტიკურ ჩიხში ”შეგნებულად გაგვჭედა”.

”ვერანაირი პრეზიდენტი ცხინვალსა და აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს თავისი მოღვაწეობის ორ ვადაში – ეს არის ტყუილი,”-  განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა, ”მაგრამ ახალი პრეზიდენტი და ახალი მმართველი გუნდი გააჩერებს საქართველოს დაშლის პროცესს”.

მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყნიდან გაქცევის სურვილი აქვს, თუმცა ამას ვერ აკეთებს, რადგან საკუთარი გარემოცვის ეშინია.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს ის ოპოზიციაში გადასულ სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელებზე – ნინო ბურჯანაძეზე და ირაკლი ალასანიაზე, ნათელაშვილმა რამდენჯერმე აარიდა პასუხს თავი, თუმცა ბოლოს განაცხადა, რომ მიუღებელია ის პერსონა, რომელსაც ”შეარჩევს უცხოეთი, შეფუთავს, გამოგვიგზავნის და გვეტყვის, რომ ახლა ეს უნდა აირჩიოთ”.

შემდეგ მან განაგრძო, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი, სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია და ”ვინმე” მიშა სურგულაძე ”დარბიან იმისათვის კრემლის კორიდორებში, რომ დატოვონ სააკაშვილის შემდეგ მათი ნათესავი, ამერიკის მიერ შერჩეული თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება”.

მას მხედველობაში, სავარაუდოდ, ჰყავდა ირაკლი ალასანია, რომელიც სააკაშვილის დედის მოგვარეა და არა ნათესავი, როგორც ამას გაეროში ყოფილი ელჩი თავად ამტკიცებს.

”ამ სამ ადამიანს, განსაკუთრებით წერეთელს და იმ ვიღაცა სურგულაძეს, მინდა ვუთხრა ან ჩამოვიდნენ აქ და ჩვენთან ერთად ნახონ ის სიმწარე, რაც ჩვენ ვნახეთ ამ რეჟიმის ხელში და მერე მიხვდებიან ღირს თუ არა ამ რეჟიმის გაგრძელება ამერიკელი მემკვიდრეებით ან დაანებონ ამ თემებზე კრემლის და გრუ-ს კაბინეტებში სირბილს თავი,”- განაცხადა ნათელაშვილმა. 

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ შეუერთდა ლეიბორისტული პარტია ოპოზიციურ დეკლარაციას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე იყო ისიც, რომ ამ დეკლარაციას ხელი მოაწერა ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია ბლოკებში გაერთიანებას არ აპირებს, თუმცა კოორდინაციის რეჟიმში იმოქმედებს ოპოზიციურ ძალებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)