ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 20 მარტს აუქციონი ჩატარდება, განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ 17 თებერვალს.
აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი 8 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი განისაზღვრა ლარში, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25-წლიანი ვადით გაიცემა. განაცხადების მიღება 18 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით იწარმოებს.
ამჟამად, ლიცენზია ეკუთვნის საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას (GG&MW), რომლის მფლობელიც 2002 წლიდან არის კომპანია Salford Capital Partners Inc. – საინვესტიციო ფირმა, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში არსებული ქონების მენეჯმენტსაც ახორციელებდა.
GG&MW-მა ბორჯომის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზია 1997 წელს მიიღო. 2007 წლიდან ლიცენზია ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა, ხოლო ამა წლის იანვარში მხოლოდ სამი თვით გახანგრძლივდა.
GG&MW-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს განუცხადა Civil.Ge-ს, რომ კომპანია 19 თებერვალს გააკეთებს განცხადებას წარადგენს თუ არა განაცხადს ლიცენზიაზე.
Salford Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ ლიცენზიის მოკლევადიანი გაგრძელების გამო მისი კომპანია ბორჯომის მოპოვებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაშია.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ კი თბილისის მერი გიგი უგულავა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდნენ მას გასულ წელს და უთხრეს, რომ GG&MW-ი რუსული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის სასარგებლოდ დაეთმო. რუხაძის თქმით, მან ამაზე უარი თქვა. 2007 წელს Wimm-Bill-Dann-მა შპს ”ქართული პროდუქტი” შეიძინა, რომელიც იმ დროს საქართველოს მესამე უმსხვილესი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო.
GG&MW-ის თქმით, 2006 წელს კომპანიის პირდაპირმა ზარალმა 25 მილიონი ლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. თუმცა, კომპანიის თქმით, მან არა მარტო დაძლია კრიზისი, არამედ 2008 წლის შემოდგომამდე გავიდა იმ მაჩვენებელზე, რომელიც კომპანიას რუსეთის ბაზარზე ყოფნის დროს ჰქონდა. 2008 წლის ოქტომბრიდან, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების პერიოდიდან, კომპანიას კვლავ შეექმნა პრობლემები, კერძოდ, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები 30-40%-ით შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)